ვახტანგ გაბუნია - საჭიროა, შენთან ერთად ყველა შენი მეგობარი სახელმწიფო მზად იყოს, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს
ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან ტერიტორიების ოცი პროცენტი დაკარგული გვაქვს, ჯარში ყველაფერი კარგად არ არის და ყველაზე უპრიანი იქნება, პროფესიულ ჯარზე გადავიდეთ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვახტანგ გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„რეზერვი თავისი ხელმძღვანელებით და იარაღით სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს. ისე არა, როგორც 2008-ში იყო. მე, როგორც მხედართმთავარი, ყურადღებას მივაქცევდი პროფესიულ ჯარს, რეზერვს და პლუს, დაფინანსებას. ჯარის დაფინანსება უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე დღეს არის. კაცმა არ იცის, ბიუჯეტიდან სად მიდის, რა მიდის და რამდენი რისთვის იხარჯება უაზროდ“, – განაცხადა გაბუნიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას მიიჩნევს ის ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევად და თუ მისი ხედვა მმართველი გუნდის ხედვისგან განსხვავდება, როგორ აპირებს საკუთარი ხედვის გატარებას, ვახტანგ გაბუნიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ხედვებით საგარეო პოლიტიკა ცუდ დღეშია, პოლიტიკური რუკიდან თითქმის გამქრალია, აშშ-იდან თუ ევროპიდან არც ერთი სერიოზული განცხადება არ ისმის და დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები შემოვატრიალოთ და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საქმე ვაკეთებინოთ.
„სამწუხაროდ, რუსეთია იმ პოლიტიკის ერთადერთი განმსაზღვრელი, რა პოლიტიკაც დღეს ქვეყანაშია. ისინი გვივლებენ ხაზებს, სად უნდა გადავადგილდეთ და სად არა; ისინი გვკარნახობენ, როგორ უნდა მოვიქცეთ, გავჩერდეთ, ვიჩხუბოთ, ვიყვიროთ, თუ რა გავაკეთოთ. ამიტომ არის საჭირო სწორი, დაბალანსებული პოლიტიკა და ამიტომ არის საჭირო, შენთან ერთად ყველა შენი მეგობარი სახელმწიფო მზად იყოს, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მან უკან დაიხიოს და მავთულხლართების ეზო-ეზო კეთების მიუღებელ პოლიტიკას შეეშვას“, – განაცხადა გაბუნიამ.
გადაცემის წამყვანის გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რაში გამოიყენებს ის პრეზიდენტის პოლიტიკურ პლატფორმას, ვახტანგ გაბუნიამ აღნიშნა, რომ გარდა საერთაშორისო ურთიერთობებისა, თავის გავლენებს ქვეყნიდან გასული ქალების დასაბრუნებლად გამოიყენებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისინი თავიანთ ოჯახებს, შვილებს დაუბრუნდნენ.
„ამისთვის ის არ არის საჭირო, რომ ევროპის რომელიღაც ქვეყნის პრემიერს, ან კანცლერს მოსთხოვო, შენი ქვეყნის მოქალაქეები იქ ლეგალურად აცხოვროს. მე მათ ჩემ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაში ვთხოვდი დახმარებას; მე მათ მოვთხოვდი თავიანთ ქვეყანაში გარკვეულ წილ ბაზარს, რადგან ჩვენ ქვეყანაში დამზადებული პროდუქცია იქ არავის სჭირდება. ეს იქნება ჩემი პირველი, დიდი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველოში ოჯახები თავის საღ მდგომარეობას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ვახტანგ გაბუნიამ.