ვახტანგ ცინცაძე - ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება საქართველოს მთავრობის ძირითად მიზანს წარმოადგენს
ვახტანგ ცინცაძე - ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება საქართველოს მთავრობის ძირითად მიზანს წარმოადგენს

საქართველოს მთავრობის ძირითად მიზანს წარმოადგენს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესაქტივობის წახალისებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

ცინცაძის თქმით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება.

„მარტის თვეში გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკურმა ზრდამ 8.2 შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.8 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, საინფორმაციო და კომუნიკაციების, პროფესიული, სამეცნიერო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების აქტივობის ზრდამ. ზოგადად, ფაქტორების კუთხით ხელშემწყობი იყო ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის ზრდა და ასევე აღსანიშნავია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომლებმაც პირველ კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის თვის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2024-2029 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის კანდიდატ და ევროპის ქვეყნებს შორის. აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ძირითად მიზანს წარმოადგენს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესაქტივობის წახალისებას, რაც, საბოლოო ჯამში, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნაში გადაითარგმნება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში, სიღარიბის შემცირებაში და ასე შემდეგ“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა.