ვახტანგ ცინცაძე - 2023 წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ჩამოყვანა
ვახტანგ ცინცაძე - 2023 წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ჩამოყვანა

2023 წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ჩამოყვანა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსის მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა.

„2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციის დონე 2.5 პროცენტით განისაზღვრა. გასულ წელს საქართველომ შეძლო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, არამედ გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, რომელმაც მოახერხა ინფლაციის მოთოკვა და მიზნობრივ სამპროცენტიან ნიშნულზე ქვემოთ ჩამოყვანა. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ფასების შემცირება შენარჩუნდა სამომხმარებლო კალათის არაერთ, მათ შორის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებისა და მედიკამენტების ჯგუფებზე, რაც საზოგადოების ფართო ფენებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება და მიზნობრივ დონეზე ქვემოთ ჩამოყვანა შესაძლებელი გახადა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიზანდასახულმა და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, რამაც, ფაქტობრივად, საქართველოს საშუალება მისცა, ყოფილიყო ერთ-ერთი ლიდერი ინფლაციის შემცირების მიმართულებით.

„2024 წელს ველოდებით, რომ ინფლაცია მიზნობრივ სამპროცენტიან ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. აღნიშნულს ასევე ხელს შეუწყობს ის გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული სემეკ-ის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მიმართულებით, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს საზოგადოების ფართო ფენებსა და, მათ შორის, კერძო სექტორის წარმოების ხარჯების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობაზე. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წლის განმავლობაში ფასების დონე იქნება სტაბილური“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.