ვახტანგ ჭარაია - პროდუქტების შეძენაზე პანიკა პროვოცირებული იყო, მათ შორის, ფეისბუქაქტიურობებით და რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტით
ვახტანგ ჭარაია - პროდუქტების შეძენაზე პანიკა პროვოცირებული იყო, მათ შორის, ფეისბუქაქტიურობებით და რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტით

პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებული პანიკა პროვოცირებული იყო, მათ შორის, ფეისბუქაქტიურობების და რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტის მეშვეობით, – ამის შესახებ ეკონომისტმა, თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„რამდენიმე არხზე ვნახე მსგავსი სიუჟეტები, სადაც მიდიოდნენ, არა თუ ცარიელ, არამედ მათ შორის, სავსე მაღაზიებში და პანიკას თესავდნენ, რომ აი, ჯერ კიდევ დევს, მაგრამ იმდენი მომხმარებელი მოდის, მალე აღარ იქნებაო. მსგავსი მოწოდებები და განცხადებები მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის და მნიშვნელობა არ აქვს, ამას ვინ აკეთებს ან რატომ. ფაქტია, ეს მთლიანობაში ავნებს საქართველოს და ქართველ ხალხს. ჩვენ გვახსოვს 2008 წელიც, პანდემიის დასაწყისიც და როგორც წესი, მსგავსი აჟიოტაჟი დამახასიათებელია მსგავსი გლობალური მოვლენისთვის, როგორიც თუნდაც, ომი, ან პანდემიაა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის მე-14 დღეს რომ უცებ აჟიოტაჟი ატყდება, ეს ჩემი ღრმა რწმენით, შემთხვევითი მოვლენა ვერ იქნება. კარგია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ცრუ განგაშს არ აჰყვა “, – განაცხადა ჭარაიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რით არის განპირობებული ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის ზრდა შეინიშნება, იმის მიუხედავად, რომ ამ პროდუქტების დეფიციტი არ არის, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა, რომ ორი დღის წინ, ადამიანები ამ პროდუქტებში, ცალკეულ უბნის მაღაზიებში, ზოგ შემთხვევაში ერთნახევარჯერ და ორჯერ მეტსაც იხდიდნენ, ერთი დღის მერე კი მიხვდნენ, რომ მოტყუებული დარჩნენ, რადგან მაღაზიებში ამ პროდუქტების ფასი თითქმის, ძველ ფასს დაუბრუნდა.

„როდესაც საზოგადოება მაღაზიებში დიდი მოთხოვნით მიემართება, მაღაზიის მფლობელები ხედავენ იმ შესაძლებლობას, რომ შეუძლიათ, ფასი გაზარდონ. ეს ჩვეულებრივი საბაზრო მომენტია, მაგრამ პრობლემა დამატებით, ის გახდა, რომ ცალკეული პროდუქტების დიდი რაოდენობით შეძენამ გამოიწვია იმ დღის კონტექსტში ამ პროდუქციის დეფიციტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაღაზიას მარაგებში არ აქვს. უბრალოდ, ამ მარაგებს სჭირდება თუნდაც, სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით მაღაზიამდე მოტანა, დახლებზე დალაგება და ა.შ. მაღაზიამ შეიძლება, გადაიტანოს და ეს ყველაფერი მეორე დღეს მოაწესრიგოს, მაგრამ როცა ადამიანი იმწუთას ხედავს, რომ დახლზე მაგალითად, შაქარი არ არის, პანიკაში ვარდება“, – განაცხადა ჭარაიამ.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს პრევენციულად იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები თავიდან იქნას აცილებული, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა, რომ აქ საჭიროა ისევ და ისევ საღი აზრი და მოწოდებები, რათა ადამიანებმა მსგავსი ქმედებები არ განახორციელონ.

„ამა თუ იმ საკითხზე თითოეულ ადამიანს თავისი შეხედულება აქვს. ვიღაც უფრო ემოციურია, ვიღაც კი უფრო ნაკლებად და როცა პრობლემა ჩნდება, ვიღაც ცდილობს, თუნდაც, იგივე სურსათის რეზერვები გაიკეთოს. ვინც ასეთ ნაბიჯს ნაბიჯს დგამს, პირველ რიგში, დაფიქრებაა საჭირო. მაგალითად, ბევრი ადამიანი გამოდგა ისეთი, რომლებსაც პანდემიის დასაწყისში გაკეთებული მარაგები დღესაც არ დაუმთავრებიათ. ადამიანები უნდა დაფიქრდნენ,იყოს რომ ამხელა მარაგების გაკეთება საჭირო არ არის, რადგან ამხელა რისკი რეალურად არ დგას. აქ საჭიროა ისევ და ისევ საღი აზრი და მოწოდებები, რომ ადამიანებმა მსგავსი ქმედებები არ განახორციელონ. შეიძლება, ეს იყოს სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, სადისტრიბუციო ქსელიდან, მაღაზიებიდან, თუ ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვისაც გარკვეული დოზით ასე ვთქვათ, პასუხი მოეთხოვება და აზრი მოეკითხება. სხვა გამოსავალი უბრალოდ, არ მესახება, რა შეიძლება, იყოს“, – განაცხადა ჭარაიამ.

კითხვაზე, როგორ აისახება საქართველოს ბაზარზე უკრაინაში მიმდინარე ომი და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოწვევები არის, თუმცა ევროპის შუაგულში ომი წლობით და თვეობით ვერ გაგრძელდება, ამწუთისთვის არსებული სავაჭრო სირთულეები დიდი ალბათობით, მალე დალაგდება და აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთრებული ნეგატიური მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, თუმცა, გამორიცხული არაფერია.