ვახტანგ ჭარაია - Doing Business-ის რეიტინგი, სხვა დადებით ფაქტორებთან ერთად, მეტი ინვესტორის დაინტერესების გარანტი იქნება
ვახტანგ ჭარაია - Doing Business-ის რეიტინგი, სხვა დადებით ფაქტორებთან ერთად, მეტი ინვესტორის დაინტერესების გარანტი იქნება

Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება უდავოდ წარმატებაა და აღსანიშნავია, რომ საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის 27 ქვეყანას, მხოლოდ დანია არის მასზე წინ, – ამის შესახებ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული რეიტინგი სპეციფიკურ საკითხებს აფასებს: რა პროცედურებთან, დროსთან, ვადებთან არის დაკავშირებული ბიზნესის დაწყება, პირველადი საჭიროების რა ინფრასტრუქტურა სჭირდება ბიზნესს და რამდენად მარტივია ამის ორგანიზება, გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირება, გადახდა და ა.შ.

„ამ კუთხით მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ჩვენ მსოფლიოში ვართ მეექვსე ქვეყანა, რაც უდაოდ დიდი წარმატებაა. თუმცა აქვე შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის კეთება საქართველოში უკავშირდება გარკვეულ პრობლემებსაც, როგორიც არის მაგალითად, კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა, ფინანსური რესურსის სიძვირე და სხვა, მაგრამ ეს კონკრეტული საკითხები Doing Business-ის კომპეტენცია არ არის, ამაზე სხვა კვლევები ტარდება“, – საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი რეიტინგში წინსვლასა და ეკონომიკურ ზრდას ვერ გრძნობს, რადგან საქართველოს ეკონომიკა ინკლუზიური არ არის.

„მოსახლეობა ძალიან მცირე დოზით მონაწილეობს ამ საყოველთაო კეთილდღეობის შექმნაში და მათ შორის გადანაწილებაშიც. გარდა ამისა, რამდენიმე წელია საჭირო, რომ ეს მაჩვენებლები აისახოს მოსახლეობაზე. მაგალითად, შარშან პირობითად ეკონომიკური ზრდა რომ 5 პროცენტი იყო, იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა 5 პროცენტით უკეთესად იცხოვრებს მომდევნო წელს. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც სისტემატურად განგრძობადობის შემთხვევაში მოგვცემს გარკვეულ წინსვლას წლების შემდეგ. ეს ინდიკატორები იძლევა ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რომ შეგვიძლია, უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ, მაგრამ ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა ჭარაიამ.

მისი შეფასებით, Doing Business-ის, რეიტინგი სხვა დადებით ფაქტორებთან ერთად, მეტი ინვესტორის დაინტერესების გარანტი იქნება.