ვახტანგ ბუცხრიკიძე - სამომხმარებლო სესხების ზრდა ზღვარგადასული არ არის, თუმცა სოციალური თვალსაზრისით ჭარბვალიანობა ყოველწლიურად იზრდება
ვახტანგ ბუცხრიკიძე - სამომხმარებლო სესხების ზრდა ზღვარგადასული არ არის, თუმცა სოციალური თვალსაზრისით ჭარბვალიანობა ყოველწლიურად იზრდება

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, სამომხმარებლო სესხების სექტორის ზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ზღვარგადასული.

როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, ვადაგადაცილებული სესხები არის მართვადი და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართვლოში კარგი მდგომარეობაა.

„ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ქართული საბანკო სექტორი არის მდგრადი და არავითარი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ტრენდს თუ შევხედავთ, სამომხმარებლო სესხების სექტორის ზრდა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის ზღვარგადასული. ახლა საუბრებია იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება იყოს შემოღებული ზღვარი”, – განაცხადა “თიბისი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და აღნიშნა, რომ ამის მიზანი დაბალ ჯგუფებში ჭარბვალიანობის შემცირებაა.

ბუცხრიკიძის თქმით, თუ საკითხს შევხედავთ სოციალური კუთხით, ჭარბვალიანობა ყოველწლიურად იზრდება.

მისივე განცხადებით, ჭარბვალიანობა საბანკო სექტორის მდგრადობის, ასევე რისკიანობისა და სესხებზე ვადაგადაცილების კუთხით, პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა სოციალური თვალსაზრისით ჭარბვალიანობა ყოველწლიურად იზრდება და ამიტომაც შემოღებული რეგულაციები შესაძლოა, კონკრეტულ ლოგიკას ექვემდებარებოდეს.

როგორც ცნობილია, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდებათ.