ვახტანგ ბუცხრიკიძე - ბიზნეს სესხები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის
ვახტანგ ბუცხრიკიძე - ბიზნეს სესხები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის

საბანკო სექტორი და ბიზნეს სესხები ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სფეროა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ საბანკო სექტორთან მიმართებაში ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბანკების წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრთან ორი შეხვედრა ჰქონდათ, სადაც სტარტაპების დაფინანსებისა და სასტარტო კაპიტალის რეფორმის შესახებაც ისაუბრეს.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბანკებს ჰქონდათ საკმაოდ პოზიტიური ორი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. მინდა აღვნიშნო, რომ საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე ბიზნეს სესხები არის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის და ამ შეხვედრებისას იქნა დაფიქსირებული, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებენ ბანკები ეკონომიკის განვითარების საკითხში. ის ინიციატივა, რომელიც გააჩნია ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობას, ახალი სტარტაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით, შევთანხმდით ბანკები, რომ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, მისი თქმით, როგორც ბიზნეს სესხებზე, ასევე ყველა ტიპის სესხებზე დინამიკა საკმაოდ კარგია და საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია.

„ბოლო ხუთ წელს თუ ავიღებთ, საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული ჯამურად. თითოეული ტიპის სესხს თუ ავიღებთ, აქაც შემცირების დინამიკა აღინიშნება და დარწმუნებული ვარ, ეს დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 12 აპრილს განაცხადა, რომ საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა. მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთები, რაც საბანკო სისტემაშია, ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას არ იძლევა.