ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე სოციალური ქსელიდან შეიტყო
ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე სოციალური ქსელიდან შეიტყო

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის  დაფუძნების ინიციატივაზე სოციალური ქსელიდან შეიტყო.

ამის შესახებ ბუცხრიკიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა კითხვაზე, აპირებს თუ არა მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში გაწევრიანებას.

როგორც მან  აღნიშნა, ამ საკითხზე მამუკა ხაზარაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„მეც თქვენნაირად „ფეისბუქიდან“ გავიგე, არ მაქვს სხვა კომენტარი, კომუნიკაცია არ მქონია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს „თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ვახტანგ ბუცხრიკიძეს საქართველოს პირველი არხი მთავრობის ადმინისტრაციაში გაესაუბრა. ამასთან, ბუცხრიკიძემ არ დააკონკრეტა, რა მიზეზით იმყოფებოდა კანცელარიაში.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. „მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.