ვახტან მეგრელიშვილი - კარგი იქნება, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დაზუსტდეს კონკრეტული პირობები, გვაინტერესებს, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ იდეას ბოლომდე არ იზიარებენ
ვახტან მეგრელიშვილი - კარგი იქნება, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დაზუსტდეს კონკრეტული პირობები, გვაინტერესებს, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ იდეას ბოლომდე არ იზიარებენ

დარწმუნებული ვარ, იმდენი დრო რომ დაგვეხარჯა საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობაზე, რაც დავხარჯეთ იმაზე – ვინ შედიოდა პარლამენტში და ვინ არა, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანებმა, ვინც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს ეძახის, ამ საკითხზე საკუთარი აზრი არ დაეფიქსირებინათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილი განაცხადა.

მეგრელიშვილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კარგი იქნება, დაზუსტდეს კონკრეტული პირობები, რათა მსჯელობა გაგრძელდეს.

„უკეთესი შეიძლებოდა, მაგრამ იმ პირველი ნაბიჯით, რაც გადადგა გუშინ „ქართულმა ოცნებამ“, მნიშვნელოვანია პროცესის დაწყება. მე როგორც გავიგე, ყოველ შემთხვევაში, განიხილება ის ვერსია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მათ შორის ინდივიდუალური და საჯარო შეხვედრების დროს. კარგი იქნება, რომ დაზუსტდეს კონკრეტული პირობები, რადგან ჩვენს კოლეგებთან უნდა ვისაუბროთ უკვე კონკრეტულ პირობებზე და შესაბამისად, მდინარაძისგან იქნება თუ „ქართული ოცნებისგან“, იქაც გვაინტერესებს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ იდეას ბოლომდე არ იზიარებენ. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ ყველანი შევთანხმდით, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ და მართლა არის თუ არა, ისეთი ისტორიული შანსი, რომ ასეთი რეფორმა განვახორციელოთ ასეთ მოულოდნელ მომენტში“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმის საკითხზე მედიასა და საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა სერიოზულად მხოლოდ გუშინ დაიწყეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ იმდენი დრო, რაც ჩვენ დავხარჯეთ იმაზე, ვინ შედიოდა პარლამენტში და ვინ არ შედიოდა, ჩვენ რომ გვემსჯელა იმ საკითხზე, თუ რამხელა მნიშვნელობის რეფორმაზეა საუბარი, თუ ჩვენ შევთანხმდით მართლაც სრულად პროპორციულზე და ბუნებრივი ბარიერით დღევანდელი დღიდან და არა ოდესღაც, ვფიქრობ, შეუძლებელი იქნება, ადამიანებმა, ვინც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს ეძახის ამ საკითხზე არ დააფიქსირონ საკუთარი აზრი, თან ისე, რომ მათ შვილიშვილებსაც ეცოდინებათ, კონკრეტულად 2021 წელს რა აზრის იყვნენ მათი ბებიები და ბაბუები“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ჩაერთვება თუ არა საარჩევნო რეფორმის ჯგუფისა და საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ „როცა პარლამენტი იქნება, ნებისმიერ საპარლამენტო საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას“.

„ჩვენ პარლამენტში ნებისმიერ საპარლამენტო საქმიანობაში ვიქნებოდით ჩართული, დიდი სიამოვნებით. უბრალოდ ჯერ გვინდა, რომ იყოს პარლამენტი და როცა პარლამენტი იქნება, მერე ნებისმიერ საპარლამენტო საქმიანობაში მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას აცხადებს იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი აიღო. ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.