ვახო ვახტანგიშვილი - ცნობილი აქსელერატორი კომპანიის „500 სტარტაპის“ საქართველოში შემოსვლა ქართული ნიჭისთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს
ცნობილი ამერიკული აქსელერატორი კომპანიის „500 სტარტაპს“-ის საქართველოში შემოსვლა ქართული ნიჭის მიმართ ნდობის გამოცხადებას ნიშნავს; რაც მთავრია, ამ კომპანიის მოღვაწეობის შედეგად, ქვეყანა ძალიან დიდ ცოდნას და გამოცდილებას შეიძენს, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, ვახო ვახტანგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში ტექნოლოგიურ სფეროში მოქმედი ერთ-ერთი გლობალური ლიდერი აქსელერატორის კომპანიის „500 Startups“-ის საქართველოში შემოსვლა და ქართული ტექნოლოგიური სფეროს განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ „500 Startups“ გლობალურ დონეზე ცნობილი აქსლერატორების სამეულში შედის და მისი შემოსვლა საქართველოში ქვეყნის მიმართ ერთის მხრივ დიდი ნდობის გამოცხადებაა.
„მთავარი თემა, რისთვისაც „500 Startups“-ი საქართველოში შემოდის არის ნდობის გამოცხადება ქართული ნიჭის და ტალანტის მიმართ. კომპანიის გადაწყვეტილება, რომ აქ შემოდის, აპრიორი ნიშნავს, რომ საქართველო მზადაა „500 Startups“ მიიღოს და რომ ეს კომპანია ქართველებში ხედავს იმ ნიჭს და იდეებს, რაც შესაძლოა მსოფლიო დონის პროდუქტად გარდაიქმნას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მოგეხსენებათ, რომ ციფრულ ეკონომიკაში ინფრასტრუქტურის დიდი საჭიროება არ არის და მათი მოტივაციაც ისაა, რომ გლობალურ ეკოსისტემაში საქართველოს ადაპტაცია ისეთი სახით მოახდინონ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემებიც ძალიან ადვილად გადაიჭრას. ამ შემთხვევაში, ქართველი დამფუძნებელი მსოფლიო ბიზნესის ნაწილია და არა ქართული ბიზნესის ნაწილი“, – განაცხადა ვახტანგიშვილმა.
მისი განმარტებით, მართალია არ არსებობს იმის გარანტია, რომ ცნობილი ვენჩურული ფონდი საქართველოში ე.წ. უნიქორნის ტიპის კომპანიას აუცილებლად განავითარებს, თუმცა ამერიკული ვენჩურული ფონდის მუშაობის შედეგად ქვეყანაში ძალიან დიდი ცოდნა დარჩება.
„როცა ე.წ. უნიქორნებზე საუბრობთ, ძალიან რთულია მსგავსი მაღალი ზრდის პოტენციის მქონე კომპანიების აღმოჩენა. რეალურად ეს პროცესი, რაც „500 Startups“-ის მიერ საქართველოში დაინერგება, ასეთი კომპანიების აღმოჩენას მოიცავს, თუმცა გარანტია არ არის. დასავლეთში ამერიკულ კომპანიებს თუ შევხედავთ, საწყის ეტაპზე დაახლოებით 20 კომპანიიდან ერთს აქვს მსგავსი ტიპის ალბათობა. ანუ ამის ალბათობა ძალიან დაბალია. ჩვენ გვაქვს იმედი და გეგმა, რომ ერთი ქართული უნიქორნი აღმოვაჩინოთ, რომელსაც მინიმუმ რეგიონული მასშტაბის პოტენცია ექნება. მაგრამ მეორე ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც ეს ორგანიზაცია ჩამოიტანს, სამუდამოა. ის ადამიანები, ვინც ამ პროცესს გაივლიან საკუთარი კომპანიების და ორგანიზაციების შეცვლას დაიწყებენ. ხოლო ის ადამიანები, ვინც მათთან დასაქმდებიან, ბუნებრივად შეიცვლებიან. ანუ ცოდნა და გამოცდილება არის ის მთავარი განძი, რასაც ქართველი ერი ამ პროცესის შედეგად მიიღებს და საბოლოო ჯამში მომავალშიც გამოგვადგება“, – განუცხადა ვახო ვახტანგიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.