ვახო ხურციძე საქართველოს „დრიფტის მეფე“ გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

Red Bull Car Park Drift-ის 2021 წლის საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული ვახო ხურციძეა. მეორე ადგილზე გავიდა მევლუდ მელაძე, მესამე ადგილი კი დავით ნუცუბიძეს ერგო.

6 ივნისს, 13:00 საათიდან, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „დრიფტის მეფის“ ტიტულისთვის ბრძოლაში 17 საუკეთესო დრიფტერი ჩაერთო, რომლებიც 5 ივნისს, დახურულ პრეკვალიფიკაციაზე 34 მონაწილიდან შეირჩნენ.

2021 წლის გამარჯვებული ვახო ხურციძე, 2020 წლის საქართველოს შესარჩევის გამარჯვებულ ნოდარ კოდუასთან ერთად Red Bull Car Park Drift-ის მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ფინალი ეგვიპტეში, 29 ოქტომბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ვახო ხურციძე Red Bull Car Park Drift-ის 2019 წლის საქართველოს შესარჩევის გამარჯვებულია, ხოლო მსოფლიო ფინალზე მან მესამე ადგილი მოიპოვა. მევლუდ მელაძე და დავით ნუცუბიძე კი, 2020 წლის ჩემპიონატის მეორე და მესამეადგილოსნები არიან.

Red Bull Car Park Drift-ს განსხვავებული ფორმატი აქვს. მონაწილეებს საკუთარი უნარებისა და მართვის ტექნიკის გამოსავლენად სხვადასხვა დავალების შესრულება უწევთ. მათთვის წინასწარ ცნობილია ელემენტები, თუმცა ტრეკის მონახაზი შესარჩევის დღემდე საიდუმლოდ რჩება.

დრიფტის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სრულწლოვანი მოყვარული ან პროფესიონალი დრიფტერები.

შეჯიბრება ტარდება Covid 19-ის რეგულაციების სრული დაცვით.