ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით „ხიმინჯ სერვის 2“-ის დირექტორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობაზე უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით „ხიმინჯ სერვის 2“-ის დირექტორი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს „ხიმიჯ სერვის 2“-ის დირექტორი – 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მიმდინარე წლის 31 მარტს შპს „ხიმიჯ სერვის 2“-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ხიმინჯ სერვის 2“-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.
გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს „ხიმინჯ სერვის 2“-ის დირექტორს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.