ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე წყლის ჭავლით კლდიდან ქვები ჩამოყარეს
ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე წყლის ჭავლით კლდიდან ქვები ჩამოყარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და თბილისის მერიის თანამშრომლებმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო გზაზე წყლის ჭავლის მეშვეობით, კლდიდან ქვის არამყარი მასა ჩამოყარეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ღონისძიება გზის მონაკვეთის სიახლოვეს პრევენციის მიზნით გატარდა, რათა თავიდან იყოს აცილებული საავტომობილო მოძრაობის აქტიურ პერიოდში ქვის მასის ბუნებრივი ჩამოშლა.

სამუშაოები კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე, 09:00 საათიდან, საავტომობილო მოძრაობის შეჩერების შემდეგ დაიწყო.

საგზაო მოძრაობა უკვე გახსნილია და გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.