ვაისმა მოთამაშეები გააკრიტიკა - ბევრი მოთამაშე, შესაძლოა, ახალმა მწვრთნელმა არც გამოიძახოს
ვაისმა მოთამაშეები გააკრიტიკა - ბევრი მოთამაშე, შესაძლოა, ახალმა მწვრთნელმა არც გამოიძახოს

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებზე ღიად ილაპარაკა.

კითხვაზე, ხომ არ აქვთ ქართველ ფეხბურთელებს მენტალური პრობლემები, სლოვაკმა სპეციალისტმა რამდენიმე მოთამაშის პრობლემა ახსენა.

„დღეს ჩვენ არა მხოლოდ სათამაშო დისციპლინა დაგვაკლდა, არამედ ემოციაც. ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ ტოპ-მატჩი ჩაატარა, დღეს კი არც კარგი იყო, არც ცუდი. ისე იყო, თითქოს, ამხანაგურ შეხვედრას ატარებდა. მას თამაშის დროს რამდენიმეჯერ მივეცი შენიშვნა და მოტივაციით უნდა ეთამაშა. გვილია კარგი ნახევარმცველია, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებს. კაჭარავასაც ბევრი შეუძლია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ხშირად გაუგებარ გადაწყვეტილებას იღებს. ოქრიაშვილი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ხშირად ვეუბნები, რომ ბურთს დიდხანს აყოვნებს და ასეთი მოძრაობებით უაზროდ იღლება“, – განაცხადა ვაისმა.

მისი თქმით, ნაკრების ზოგიერთმა წევრმა საქმისადმი დამოკიდებულებას უნდა გადახედოს: „ჩემი აზრით, მისაბაძი ჯაბა კანკავაა, რომელსაც ნაკრებში კიდევ 3-4 წელი შეუძლია ითამაშოს, რადგან პროფესიონალია. მაგრამ ბევრი მოთამაშე, შესაძლოა, ახალმა მწვრთნელმა არც გამოიძახოს”.

„თუ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში გამოძახებას არ იმსახურებენ, მაშინ რატომ იძახებდით?“, – ამ კითხვაზე ვაისმა უპასუხა: „საქართველო დიდი ქვეყანა არ არის და დიდი არჩევანიც არ მქონდა. მათ გამოძახებაზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ნდობა, რომელიც ზოგიერთს გამოვუცხადეთ, სამწუხაროდ, ყველამ ვერ გაამართლა. ფეხბურთი მხოლოდ მოედანზე თამაში არ არის. ფეხბურთს ხარისხი და პროფესიონალიზმიც სჭირდება“.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის აზრით, ნაკრებში კარგი თაობა გამოჩნდა: „ესტონეთთან მატჩის შემდეგ პოსტს ვტოვებ, მაგრამ მე საქართველოს ყოველთვის გაამარჯვებას ვუსურვებ. ბევრი საკადრო პრობლემის მიუხედავად, მჯერა, ქართულ ფეხბურთს აქვს მომავალი აქვს. თქვენ ტალანტები გყავდათ, დღესაც გყავთ და ახალი სამწვრთნელო სტაფი მათ დაეყრდნობა – ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი. ფეხბურთელები უკეთეს ლიგებში თუ ითამაშებენ, ნაკრებს უფრო გამოადგებიან“.