ვაისმა ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზზე ილაპარაკა - ბევრი ირბინა და იძულებული ვიყავი, გამომეყვანა [ვიდეო] #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანმა“ კონფერენს ლიგის H ჯგუფში შვეიცარიაში ლიდერი „ბაზელი“ 2:0 დაამარცხა. სლოვაკების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩის შემდეგ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
სლოვაკეთის ჩემპიონის მწვრთნელმა ქართველი შემტევი 59-ე წუთზე შეცვალა. ორთაბრძოლისას „ბაზელის“ მოთამაშემ ჩაკვეტაძეს ფეხი ჩაარტყა და ტკივილის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მაგრამ ვაისის თქმით, გიორგიმ თამაშის ინტენსიურობის გამო დიდი ენერგია დახარჯა და ამის გამო შეცვალა.
„მოხარულები ვართ, რომ პირველი მატჩი მოვიგეთ ჯგუფში, სადაც ჯერ კიდევ ყველაფერი გადასაწყვეტია. სამი მატჩი გვაქვს დარჩენილი და შევეცდებით, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.
დღეს რთული თამაში იყო. ჩვენი დაცვის კარგი თამაშის გამო, ფაქტობრივად, მეტოქეს მომენტები არ შეუქმნია, გარდა ბოლო წუთებისა. ჩვენ კი გოლების გარდა გვქონდა კიდევ 2-3 მომენტი და მათი გამოყენებით თამაშის ბედს გაცილებით ადრე გადავწყვეტდით.
ჩვენმა მცველებმა შესანიშნავად ითამაშეს, შეტევაში სახიფათოები ვიყავით. თუმცა, ფიზიკურად ჯერ კიდევ ყველა მოთამაშე მზად არაა. მაგალითად, ვლადო (ვაისი უმცროსი), რომელსაც საკმარისი ძალა აღარ დარჩა ასეთი რთული შეხვედრის სრულად ჩასატარებლად.
ანალოგიური მდგომარეობაა ჩაკვეტაძის და ჟმრალის შემთხვევაში. ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები ბევრს დარბიან და მეც იძულებული გავხდი შემეცვალა“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა.
კონფერენს ლიგის H ჯგუფში გამართული სამი ტურის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონი 4 ქულით მესამე ადგილზეა – ვლადიმირ ვაისის გუნდი შემდეგ შეხვედრას 13 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ბაზელთან“ გამართავს.