ჩაკვეტაძემ ძველებურად გაიბრწყინა - „სლოვანმა“ გიორგის საგოლე გადაცემებით ჯგუფის ლიდერი „ბაზელი“ დაამარცხა #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ ძველებურად გაიბრწყინა - „სლოვანმა“ გიორგის საგოლე გადაცემებით ჯგუფის ლიდერი „ბაზელი“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ დიდი ხნის შემდეგ ევროსარბიელზე პირველად გაიბრწყინა და გუნდს ფასეული 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ბრატისლავას „სლოვანი“ კონფერენს ლიგის H ჯგუფის ლიდერ „ბაზელს“ შვეიცარიაში ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

სლოვაკეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე. სტუმრებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. ამაში დიდი როლი ჩაკვეტაძემ ითამაშა, რომელიც პირველ ნახევარში მოედანზე საუკეთესო იყო და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

36-ე წუთზე გიორგიმ საჯარიმოში ბურთი თავზე დაასვა ლუკა პაუჩეკს, რომელმაც ანგარიში გახსნა. 45+1-ე წუთზე გიორგიმ თავისი ძველი შეტევები გაგვახსენა, ორ მეტოქეს შორის ეფექტურად გაძვრა და საჯარიმოში ალეკსანდარ ჩავრიჩი მოძებნა, რომელმაც თავადაც კარგად ითამაშა და შვეიცარიელების კარი მეორედ აიღო.

სამწუხაროდ, 59-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა ქართველი შემტევი შეცვალა. აუტის ხაზთან ბრძოლისას „ბაზელის“ მოთამაშემ ჩაკვეტაძეს ფეხზე ცუდად მოარტყა – ქართველ შემტევს ტკივილის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა და შეცვალეს. თუმცა, მაინც წამოდგა და სათადარიგოებისკენ თავად წავიდა.

კონფერენს ლიგის H ჯგუფში გამართული სამი ტურის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონი 4 ქულით მესამე ადგილზეა. მეორე შეხვედრაში სომხეთის „პიუნიკმა“ შინ ლიეტუვას „ჟალგირისი“ 2:0 დაამარცხა და 6 ქულით მეორე ადგილზეა, „ბაზელი“ კი წაგების მიუხედავად, 6 ქულით პირველობას (დამატებითი მაჩვენებლებით) ინარჩუნებს. შემდეგი შეხვედრა 13 ოქტომბერს გაიმართება – „სლოვანი“ „ბაზელს“ საკუთარ მოედანზე მიიღებს.