ვადიმ ჩერნიში - მნიშვნელოვანია დემონსტრირება, რომ ვართ ერთიანი და სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ერთად ვმუშაობთ
ვადიმ ჩერნიში - მნიშვნელოვანია დემონსტრირება, რომ ვართ ერთიანი და სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ერთად ვმუშაობთ

სასიცოცხლოდ აუცილებელია მჭიდრო კონტაქტი, რათა შევინარჩუნოთ ხიდები ჩვენს მოსახლეობას შორის, ადამიანებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, – ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, ვადიმ ჩერნიშმა განაცხადა, რომელმაც თბილისში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერ კრისტინა ლესნიკთან ერთად მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება და მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი და შეთანხმება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა. სასიცოცხლოდ აუცილებელია მჭიდრო კონტაქტი, რომ შევინარჩუნოთ ხიდები ჩვენს მოსახლეობას შორის, ადამიანებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ისინი ჩვენი, უკრაინის მოქალაქეები არიან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უწევთ ცხოვრება. გვაქვს უკვე გამოცდილება და საქართველოს აქვს გამოცდილება, რომელიც შეუძლია, გაგვიზიაროს. ჩვენ ბევრი ინფორმაცია მივიღეთ თქვენგან და გამოვასწორეთ შეცდომები. ეს გამოცდილების გაზიარების შედეგად მოხდა. რუსეთს ანექსირებული აქვს ჩვენი ტერიტორია და ქმნის დესტაბილიზაციას უკრაინაში“, – განაცხადა ვადიმ ჩერნიშმა.

მისი თქმით, ამ ფონზე ერთიანობის დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია დემონსტრირება იმისა, რომ ერთიანი ვართ და ერთად ვმუშაობთ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, – განაცხადა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა.

დღეს გაფორმებული მემორანდუმის მიზანია, სახელმწიფოების კონტროლს მიღმა არსებული ტერიტორიების რეინტეგრაციის პოლიტიკის თაობაზე მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამმხრივი უწყებათაშორისი პლატფორმის შექმნა, სტრატეგიული რეგიონული თანამშრომლობის დაწყება და ორმხრივი მხარდაჭერისთვის გზების განსაზღვრა.