ვაჩიბერაძე უგუნდოდ დარჩა
ვაჩიბერაძე უგუნდოდ დარჩა

24 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდს ეძებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ბექა საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი. მისი მამა, ზაზა ვაჩიბერაძე ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი იყო. 11 წლიდან ბექა უკრაინაში ცხოვრობს, ის ჯერ ოდესის „ჩერნომორეცის“ აკადემიაში გამოდიოდა, შემდეგ კი დონეცკის „შახტარში“. ამ გუნდის 19-წლამდელებში კაპიტანი და ლიდერი იყო და მისი ფორმით 2015 წელს იუნიორ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ჩელსისთან“ (2:3) ითამაშა.

ბექა ვაჩიბერაძე უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ 2018 წელს ისტორიული სამშობლოს სახელით თამაში ამჯობინა და საქართველოს პასპორტი მიიღო, მაგრამ ფიფა-ს რეგულაციების მიხედვით, მისი „ჯვაროსნებში“ თამაში ძალიან გართულდა.

2017 წელს ის „შახტარიდან“ „რეალ ბეტისში“ წავიდა, მერე იყო ლატვიური „რიგასი“ და ბოლოს ბელგიური „ლომელი“, რომელიც ზაფხულში დატოვა. ის შემოდგომაზე უკრაინაში დაბრუნდა და ლვოვის „რუხში“ ვარჯიშობდა, მაგრამ უკრაინული მედიის ცნობით, კლუბში არ დარჩა და უგუნდოდ არის.

24 წლის ფეხბურთელმა ბოლო კლუბში, ბელგიის მეორე დივიზიონის „ლომელში“ 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა. Transfermarkt მოთამაშის ტრანსფერს 150 000 ევროდ აფასებს. როგორც გაირკვა, ვაჩიბერაძემ თავისუფალი აგენტის სტატუსი 5 ოქტომბერს მიიღო.