უზბეკურმა გამოცემამ მანუჩარ მაჩაიძე გაიხსენა - მისმა გამოცდილებამ და თამაშმა „ფახთაქორს“ სხვა ელფერი შესძინა #1TVSPORT
13:32, 12.12.2023
უზბეკურმა გამოცემა „ინტერფუტბოლმა“ გამოაქვეყნა წერილი „ტაშკენტის „ფახთაქორის“ ქართველი ჯადოქრები“, სადაც საუბარია მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეებზე, რომლებიც ამ კლუბში გარკვეული პერიოდი თამაშობდნენ.
„კიევის „დინამოსა“ და 70-იანი წლების სსრკ-ის ნაკრების გამორჩეულმა მოთამაშემ, ანატოლი კონკოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში, კითხვაზე, რომელ მეტოქესთან უფრო რთული იყო მისთვის თამაში, უპასუხა: „ყველაზე ძლიერი მეტოქე თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, მანუჩარ მაჩაიძე იყო. როცა ვიცოდი, რომ მის წინააღმდეგ უნდა მეთამაშა, ისე ვნერვიულობდი, ღამე კარგად არ მეძინა“.
მანუჩარ მაჩაიძე ალბათ თბილისის „დინამოს“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საკამათო ფიგურაა. იყო მატჩები, როცა თბილისში გადაჭედილი სტადიონი სკანდირებდა: „დი-ნა-მო“, „მა-ნო“, ხოლო დინამოელების ოდნავი წარუმატებლობისას ყველაზე მეტი ლანძღვა კაპიტანს დაატყდებოდა თავს. იგი ძალიან ნიჭიერი იყო, ამავე დროს გახლდათ ფეხბურთელი, რომელიც თბილისის „დინამოს“ თამაშს წლების განმავლობაში განსაზღვრავდა.
1980 წელს, გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო, მანუჩარ მაჩაიძე იძულებული გახდა, „დინამო“ დაეტოვებინა. იგი დათანხმდა ტაშკენტის „ფახთაქორის“ სამწვრთნელო შტაბის (რომელსაც სერგეი მოსიაგინი ხელმძღვანელობდა) შეთავაზებას და 1980 წლის სეზონის მეორე ნახევარი უზბეკეთის კლუბში ითამაშა. მისმა გამოცდილებამ და მოედნის ცენტრში ფენომენალურმა თამაშმა ტაშკენტის გუნდის შეტევას განსაკუთრებული ელფერი და არაპროგნოზირებადი სვლები შემატა.
მანუჩარ მაჩაიძემ ტაშკენტში 13 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე გადაცემა შეასრულა. 1981 წელს მოსკოვის „სპარტაკში“ გადავიდა, სადაც მხოლოდ ხუთ ოფიციალური შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთმა უძლიერესმა ნახევარმცველმა კარიერა 1982 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ დაასრულა.
2013 წლის 26 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, მანუჩარ მაჩაიძეს საქართველოში უმაღლესი სპორტული ჯილდო – „სპორტის რაინდის“ წოდება მიანიჭა“, – წერს უზბეკური გამოცემა.