უზბეკეთმა ე.წ. ჩაწყობილი მატჩების რაოდენობით რუსეთს გაუსწრო და ახალი ლიდერი გახდა
პატიოსანი ფსონების უზრუნველყოფის საერთაშორისო ასოციაციამ (IBIA) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით აპრილი-ივნისის პერიოდში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების რაოდენობა 38 პროცენტით გაიზარდა წინა სამ თვესთან შედარებით.
სულ ორგანიზაციამ გამოავლინა 51 ჩაწყობილი მატჩი. ტრადიციულად, ლიდერობს ჩოგბურთი. მასზე 25 საეჭვო მატჩი მოდის.
ფეხბურთმა მეორე ადგილი დაიკავა 18 საეჭვო შეხვედრით.
შემდეგ მოდიან – ფრენბურთი და კიბერსპორტი – ორი-ორი ჩაწყობილი მატჩით, აგრეთვე მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, კალათბურთი და ჰოკეი.
ევროპაზე მოდის 25 ასეთი მატჩი, მათგან 13 საფეხბურთო შეხვედრაა. 13 ჩაწყობილი მატჩი ითამაშეს აზიაში, აქედან 10 – ჩოგბურთში. ამ ათიდან რვა ჩატარდა უზბეკეთში, რომელმაც ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. წინა სამ თვეში, ჩაწყობილი მატჩების რაოდენობით ლიდერი რუსეთი იყო.