უზბეკეთის ტურიზმის მინისტრი საქართველოს პირველ არხს ეწვია
უზბეკეთის ტურიზმის მინისტრი აბდულაზიზ აქულოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს პირველ არხს ეწვია. აბდულაზიზ აქულოვმა შეხვედრა გამართა არხის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ვასილ მაღლაფერიძესთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებს ტურიზმის მიმართულებით, ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები საინტერესო პროექტების გაშუქებასთან დაკავშირებით.
თინათინ ბერძენიშვილის თქმით, უზბეკეთის ტურიზმის მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო შეხვედრა შედგა.
„დღესვე დავგეგმეთ, რა შეიძლება, გაკეთდეს ორ ქვეყანას შორის უფრო მეტად დაახლოების, როგორც ისტორიული, კულტურული, ისე გასტრონომიული კუთხით. სატელევიზიო ნაწილში ეს ჩვენი ძლიერი მხარეა და ვიცით, როგორ გავაკეთოთ, ამიტომ დაიგეგმა რამდენიმე მიმართულებით პროექტი, რომელსაც მაყურებელი მალე ეთერში იხილავს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ამასთან, უზბეკეთის ტურიზმის მინისტრის, აბდულაზიზ აქულოვის თქმით, არსებობს საინტერესო გეგმები ტურიზმთან მიმართებით, რაც ავიამიმოსვლებსაც შეეხება. ამასთან, მისივე განცხადებით, გაჩნდა მნიშვნელოვანი პროექტების გაშუქების იდეა.
„ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოში ჩვენს პარტნიორებთან არაერთი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. გვინდა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. ტურიზმის მიმართულებით საინტერესო გეგმები არსებობს, რაც ავიამიმოსვლასაც შეეხება. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელთან. გაჩნდა იდეა, მნიშვნელოვანი პროექტების გაშუქების და იმედი გვაქვს, საქართველოს მოსახლეობა უკეთ გაიცნობს ჩვენს ქვეყანასა და სამომავლო პროექტებს. ეს ორივე ქვეყნისთვის საინტერესო იქნება“, – აღნიშნა აბდულაზიზ აქულოვმა.

