უზბეკეთის საკანონმდებლო პალატის სპიკერი - საქართველო გახდა დემოკრატიული განვითარების მოდელი, ამ სულისკვეთებით ჩატარდა არჩევნები, ხელისუფლება წარმატებით გაუმკლავდა წნეხს და დაძაბულობას
უზბეკეთის საკანონმდებლო პალატის სპიკერი - საქართველო გახდა დემოკრატიული განვითარების მოდელი, ამ სულისკვეთებით ჩატარდა არჩევნები, ხელისუფლება წარმატებით გაუმკლავდა წნეხს და დაძაბულობას

საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი; არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხს და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში, – ამის შესახებ უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერმა, ნურიდინ ისმოილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რაც საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მიმართულებით განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე მეტყველებს.

როგორც ნურიდინ ისმოილოვმა აღნიშნა, საქართველო გახდა დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების მოდელი.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატაში. გულთბილად მაგონდება 2018 წელს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოში თქვენი პირველი ვიზიტი, რომლის დროსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით. დიდი სიამოვნებაა, ამჟამად გიმასპინძლოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში.

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულითადად მოგილოცოთ ქვეყნის მთავრობის მეთაურად ხელახლა დანიშვნა და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. ასევე, მოხარულები ვართ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი იქნა არჩეული. გთხოვთ, გადასცეთ ჩემს კოლეგას ჩვენი გულთბილი მილოცვა. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მიმართულებით განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებზე მეტყველებს, ისევე როგორც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე. მაღალ ნიშნულზეა უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და პარლამენტთაშორისი დიალოგი. საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი; არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა. თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხსა და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში“, – განაცხადა უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერმა.