უწყლოდ და უშუქოდ: როგორ უმკლავდება კუბა კრიზისს?

14:37, 28.10.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

ჰავანა სიბნელეშია ჩაძირული, მილიონობით კუბელს კი, ყოველდღიურად, სასმელი წყლისა და პირველადი მოხმარების საქონლის დეფიციტის პირობებში უწევს ცხოვრება. აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა დაპირებით, რომ კუნძულოვან სახელმწიფოს მალე „მიხედავს“… კუბაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას ბულგარეთის ეროვნულმა ტელევიზიამ სპეციალური
რეპორტაჟი მიუძღვნა.

კუბის 9-მილიონიანი მოსახლეობის 30% წყლის გარეშეა დარჩენილი. მეწარმეები და შინამეურნეობები ენერგეტიკულ კრიზისთან ადაპტირებას ცდილობენ. ადამიანები გამოსავალს ეძებენ – ზოგი ეზოებში საკუთარი ძალებით ცდილობს ჭის გათხრას, ზოგს კი მთავრობის მიერ მოწყობილ წყლის გამანაწილებელ პუნქტებთან გრძელ რიგებში უწევს დგომა.

კევინ მარტინესი, რესტორნის მფლობელი: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წყალთან დაკავშირებით ასეთი პრობლემა მექნებოდა და ჭების თხრა დამჭირდებოდა. მით უმეტეს, ვერ წარმოვიდგენდი, რომ საჭმლის ნახშირზე მომზადება ან ელექტროენერგიით რესტორნის უზრუნველსაყოფად, მზის პანელების დამონტაჟება მომიწევდა“.

კრიზისი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ამ წლის დასაწყისში ვაშინგტონმა კუნძულს ენერგეტიკული ბლოკადა დაუწესა. ელექტროენერგიის გამორთვა ქვეყნის ყველა კუთხეში ყოველდღიურ მოვლენად იქცა.

ხუნიორ გონსალესი, წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიის თანამშრომელი: „წყლის მიწოდების შეფერხების მთავარი მიზეზი ელექტროენერგიის გამორთვას უკავშირდება. წყლის დაახლოებით 85%-ს, რომელსაც მოსახლეობას ვაწვდით, ტუმბოებით ვქაჩავთ“.

კუბაში კერძო სექტორის წილი სახელმწიფო სექტორის წილს უკვე აღემატება. წელს აშშ-დან საქონლის იმპორტმაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყანაში, ძირითადად, სურსათი და მზის პანელები შეაქვთ. ეს ტექნოლოგია ელექტრომობილების გამოყენების საშუალებას იძლევა. გასულ წელს გაყიდულ ავტომობილებში მათი წილი 3,5 პროცენტი იყო, წელს კი 40 პროცენტამდე გაიზარდა. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობას არანაირ ტრანსპორტზე არ მიუწვდება ხელი.

მაიკლ აგილარი, მზარეული: „წყლით სავსე ჭურჭლის ზიდვა ძალიან ძნელია. ამის შემდეგ კიდევ სახლი მაქვს დასალაგებელი და საჭმელი მოსამზადებელი, მაგრამ უწყლოდ ვერაფერს ვაკეთებ. ასეთ შემთხვევაში, ან ისევ წყლის მოსატანად მივდივარ, ან ველოდები, როდის ჩაირთვება ელექტროენერგია“.

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუბას ირანის საკითხის მოგვარების შემდეგ „მიხედავს“. ტრამპის თქმით, კუბის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები არ იგეგმება. თავის მხრივ, ჰავანის ხელისუფლება ირონიულად გამოეხმაურა ვაშინგტონის მოწოდებას, რომ კუბის მოქალაქეები ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მთავრობის შეცვლაში დაეხმარონ.

სტატიის ავტორი: ხრისტო ცენოვი, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ – Българска национална телевизия)

ფოტო: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია

მსგავსი