საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საწარმოებში, სადაც გამოვლინდება ვირუსის შემთხვევები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ტესტირება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საწარმოებში, სადაც გამოვლინდება ვირუსის შემთხვევები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ტესტირება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე.

საკოორდინაციო საბჭო როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ხოლო ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, იმსჯელეს ინფიცირების შემთხვევების მატებასა და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაზე, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში.

აღინიშნა, რომ არსებული სურათის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და აღსრულებას. მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში; ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე; ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი; ასევე – საზღვარზე შემოსული პირების პისიარ-კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ; საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ტესტირება; კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია; საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებასა თუ მათში მონაწილეობაზე, რათა თავიდან იყოს აცილებული ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი დამძიმება და მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს.

პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით. ამასთან, ვაქცინაციის გაფართოების გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 299 038 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 282 869 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 971 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 249 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 575 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3363 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დატოვე კომენტარი