უნგრეთის უზენაესმა სასამართლომ ოპერატორი ქალი გაამართლა, რომელმაც მუშაობის დროს ბავშვიანი მიგრანტი წააქცია

უნგრეთის უზენაესმა სასამართლომ უნგრული ტელეკომპანიის თანამშრომელი, ოპერატორი ქალი გაამართლა, რომელმაც მუშაობის დროს მიგრანტს ფეხი ჰკრა.

პეტრა ლასლომ 2017 წლის ოქტომბერში სამწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით, თუმცა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული განაჩენი გააუქმა.

ინციდენტი, რომლის გამოც ოპერატორი პეტრა ლასლო მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა, 2015 წლის სექტემბერში მიგრაციული კრიზისის გამწვავების დროს მოხდა. ის მაშინ მემარჯვენე რადიკალური პარტია „იობიკის“ კუთვნილი ინტერნეტ-ტელევიზიის, N1TV-ს თანამშრომელი იყო. პეტრა ლასლო მიგრანტების მიერ უნგრეთის საზღვრის გარღვევის კადრებს იღებდა, რა დროსაც ბავშვიან მიგრანტ კაცს ფეხი წამოუდო, რის შედეგადაც მამაკაცი ბავშვთან ერთად წაიქცა.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ლასლო სამსახურიდან გაათვისუფლეს. მოგვიანებით, 42 წლის ჟურნალისტმა ჩადენილი საქციელის გამო, ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მისი ქმედება გამოწვეული იყო მიგრანტების შიშით, რომლებმაც საზღვარი გაარღვიეს და უნგრეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

უნგრეთის უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ პეტრა ლასლოს ქმედება არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.