უსმან დემბელე - შევიცვალე, მშვიდი გავხდი, სათამაშო დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების გარემარბმა, უსმან დემბელემ Fox Deportes-თვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა იმის შესახებ, რომ საუკეთესო ეტაპი აქვს კარიერაში, აგრეთვე აზრი გამოთქვა საფრანგეთის ნაკრების მზადებაზე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის.
„გაცილებით მეტი გამოცდილება დამიგროვდა, ხოლო ჩემი თამაშის დონე გასული სეზონის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბევრი რამ შეიცვალა – როგორც ფეხბურთში, ასევე პირად ცხოვრებაში. ყველა მიმართულებით მხოლოდ უკეთესობაა: უფრო მშვიდი გავხდი, დაკვირვებული, გონიერი. იმედია, შევინარჩუნებ ამ დონეს.
თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ. ეს ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო ეტაპია ჩემს კარიერაში. უდიდესი გამოცდილება შევიძინე – ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც. ვიცნობ საკუთარ თავს და მესმის, რა უნდა ვაკეთო.
მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ყოველდღე არ ხდება. პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ეს პატივია: იქ იკრიბებიან საუკეთესო მოთამაშეები და გუნდები. იმედია, მოვხვდები საბოლოო განაცხადში და თავს გამოვიჩენ ამ ტურნირზე. მოუთმენლად ველოდები იმას, რაც წინ გველოდება.
საფრანგეთის ნაკრებში, პირველ რიგში, კონცენტრირებულნი ვართ საკუთარ თავზე. უკვე რამდენიმე წელია, გვყავს მოთამაშეთა ბირთვი, ისინი ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს. მთავარია, ვაჩვენოთ ძლიერი გუნდური თამაში. წნეხი არ არის: 2018 წელს არ მივიჩნეოდით ფავორიტებად და მოვიგეთ ტურნირი, კატარში ფავორიტები ვიყავით და ფინალამდე მივაღწიეთ. ჩვენ ამას მივეჩვიეთ, გუნდის შიგნით სიმშვიდე სუფევს.
ჩვენ გვყავს დიდი ინდივიდუალისტები. მაგრამ მსოფლიოს ყველა საუკეთესი მოთამაშეც რომ შევკრიბოთ, ორგანიზებული და შეკრული გუნდის გარეშე არაფერი გამოვა. სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულები. გუნდი – პირველ რიგში. კარგად ვემზადებით მსოფლიო ჩემპიონატისთვის და იმედი გვაქვს, რომ მთელ გზას ბოლომდე გავივლით“, – განაცხადა დემბელემ.