რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეთერთმეტედ ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ჩეხეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრები 24:19 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს, მეტოქეს სამი ლელო დაუდეს (ნიდერლანდებმა ერთი ლელო მიითვალეს) და პირველი ნახევარი 19:7 მოიგეს.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში კიდევ გაზარდა, თუმცა მატჩის ბოლომდე ნიდერლანდელებმა კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს, სხვაობა შეამცირეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეტოქის შეტევები მოიგერია და ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეთერთმეტედ მოიპოვა.
ქართველებიდან ლელოები საბა მერებაშვილმა, ლუკა ჭაკუამ, გიორგი ბერძენიშვილმა და მათე ბერუაშვილმა დადეს, ჭაკუამ ზუსტად ორი გარდასახვა დაარტყა.
ფინალში უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ესპანეთისა და ჩეხეთის წყვილში გამარჯვებული იქნება.
ფინალი 14 ნოემბერს გაიმართება.