USAID-ის გასაჯაროებულ დოკუმენტებში საქართველოში სოციალური ქსელების მონიტორინგისა და ასობით ანგარიშის გაუქმების პროცესში ISFED-ის როლზეა საუბარი
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გასაჯაროებულ დოკუმენტებში საუბარია სოციალური ქსელების მონიტორინგისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სააგენტოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების როლზე საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.
2022 წლის 22 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელისთვის, სამანტა პაუერისთვის მომზადდა, აღნიშნულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საქმიანობა.
დოკუმენტის თანახმად, „ფეისბუქმა“ USAID-ის მიერ მხარდაჭერილი ISFED-ის წვლილი აღიარა 500-ზე მეტი გვერდის, „ფეისბუქის“ 100 ანგარიშისა და 120 ჯგუფის, ასევე Instagram-ის 56 ანგარიშის გაუქმებაში, რომლებიც, სააგენტოს შეფასებით, დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
საუბარია 2020 წლის აპრილში გაუქმებულ ანგარიშებზე. „ფეისბუქის“ მაშინდელი ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, პლატფორმამ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო საქართველოში „ფეისბუქის“ 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და Instagram-ის 56 ანგარიში გააუქმა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ქსელი ქართულ მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ იყო დაკავშირებული.
„ფეისბუქის“ გამოძიების თანახმად, ქსელის უკან მდგომი პირები ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ, თავს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებად, ოპოზიციის წარმომადგენლებად და ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურ პირებად ასაღებდნენ და ხელოვნურად ზრდიდნენ გამოქვეყნებული მასალების პოპულარობას. ამავე ანგარიშის მიხედვით, „ფეისბუქმა“ საქართველოში კიდევ ერთი ქსელი გააუქმა, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს მიაკუთვნა. ამ შემთხვევაში პლატფორმამ Facebook-ის 80 გვერდი, 23 ანგარიში, 41 ჯგუფი და Instagram-ის ცხრა ანგარიში წაშალა.
ISFED-მა სოციალური ქსელების მონიტორინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დაიწყო. არჩევნებზე დამკვირვებელთა ორგანიზაციების გლობალური ქსელის (GNDEM) მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზაცია სპეციალურ პროგრამას, Fact-a-lyzer-ს იყენებდა, რომელიც პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საჯარო მოხელეების „ფეისბუქის“ საჯარო გვერდებზე გამოქვეყნებული მასალების შეგროვებისა და ანალიზის საშუალებას იძლეოდა. ISFED-ი ასევე აკვირდებოდა ანონიმურ გვერდებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების დისკრედიტაციაზე მუშაობდნენ. ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პრეზიდენტობის კანდიდატების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა.
USAID-ის გასაჯაროებულ დოკუმენტში უკრაინისა და მოლდოვის მაგალითებიც არის მოყვანილი. სააგენტოს ცნობით, მისი მხარდაჭერით მოქმედმა ორგანიზაციებმა „ფეისბუქს“ 200-ზე მეტი არაავთენტური ანგარიშის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რის შემდეგაც პლატფორმამ ეს ანგარიშები გააუქმა. ამავე მხარდაჭერით მოლდოვაში 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ფაქტების გადამმოწმებელთა პირველი ეროვნული კოალიცია შეიქმნა. დოკუმენტში ასევე საუბარია „ევრაზიული ახალი ამბების გაძლიერების“ პროგრამაზე, რომლის ფარგლებში ავტორიტარული მმართველების მიერ გამოყენებული დეზინფორმაციის მეთოდებს აშუქებდნენ. USAID-ის მონაცემებით, ამ პროგრამის ფარგლებში 2021 წლის ივლისში გამოქვეყნებულმა მასალამ, რომელიც „განსხვავებული აზრის ჩასახშობად რუსული მეთოდების გამოყენებას ეხებოდა“, საქართველოში, მოლდოვასა და ნიკარაგუაში ჯამში 250 ათას ადამიანს მიაღწია.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა გააზიარა სტატია, სადაც საქართველო „ფერადი რევოლუციების“ მაგალითადაა დასახელებული და აღნიშნულია, რომ 2008-2025 წლებში USAID-ის გამოყოფილი მილიარდზე მეტი დოლარიდან 26 მილიონი პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი.