უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები 10 იანვარს იგეგმება
უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები 10 იანვარს იგეგმება

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, სავარაუდოდ რუსეთ-ნატო-ს მოლაპარაკებები გაიმართება 12 იანვარს, უფრო ფართო რეგიონული შეხვედრა მოსკოვის, ვაშინგტონისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით კი, 13 იანვრისთვის არის დაგეგმილი.

„როდესაც სალაპარაკოდ დავსხდებით, რუსეთს შეუძლია, წარმოადგინოს თავისი შეშფოთებები; ჩვენ ასევე წარმოვადგენთ ჩვენს შეშფოთებებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. იქნება სფეროები, სადაც შეგვიძლია პროგრესის მიღწევა და სფეროები, სადაც უთანხმოება გვექნება. სწორედ ეს არის დიპლომატია“, – განაცხადა „როიტერთან“ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, რომელმაც სახელის გასაჯაროება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რუსეთმა გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ხელშეკრულებების პროექტები, რომლებითაც დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. კერძოდ, მოსკოვი დასავლეთისგან მოსაზღვრე რეგიონებში შეიარაღების სისტემების განთავსებაზე, ასევე ნატო-ს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმას და შესაბამისად, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლის თანახმადაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.

აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ინტერვენციისთვის ემზადება და მორიგი აგრესიის შემთხვევაში, რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება. რუსეთი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და პროვოკაციებსა და სამხედრო ოპერაციის მზადებაში უკრაინას ადანაშაულებს.