ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის რადას მიმართა - უკრაინა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ეს წარმოუდგენელი იყო ხუთი თვის წინ, დღეს არის მომენტი, როდესაც ეს ისტორიული მიღწევა უნდა აღნიშნოთ
ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის რადას მიმართა - უკრაინა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ეს წარმოუდგენელი იყო ხუთი თვის წინ, დღეს არის მომენტი, როდესაც ეს ისტორიული მიღწევა უნდა აღნიშნოთ

ოდესაში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.

სპეციალურ სესიაზე უკრაინელ დეპუტატებს მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდა, გაატარონ საჭირო რეფორმები, რათა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდნენ. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ უმაღლესი რადას დარბაზში შემოიტანეს ევროკავშირის დროშა, რომელიც უკრაინის ეროვნული დროშის გვერდით დადგეს.

„პუტინის არმია აგრძელებს უკრაინელების მკვლელობას. ისინი აგრძელებენ თქვენი მიწების ოკუპაციას. იპარავენ თქვენს ხორბალს და ბომბავენ ქალაქებს. თქვენ გაბედულად იბრძვით და ევროპა თქვენ გვერდით იდგება, რამდენი ხანიც იქნება საჭირო. ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე თქვენ არ გაიმარჯვებთ. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში შეავსო. თქვენ შეძელით ყველა საჭირო ინფორმაციის მოწოდება რეკორდულად მოკლე ვადაში. ჩვენ ევროპულ ინსტიტუტებში დღე და ღამე ვმუშაობთ თქვენს მხარდასაჭერად, მაგრამ მხოლოდ თქვენი ძალისხმევაა საჭირო საქმის შესასრულებლად. უკრაინას ახლა აქვს ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა. ის არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს წარმოუდგენელი იყო ხუთი თვის წინ. დღეს არის მომენტი, როდესაც ეს ისტორიული მიღწევა უნდა აღნიშნოთ. ეს არის გამარჯვება იმ მოძრაობისთვის, რომელიც რვა წლის წინ მაიდანზე დაიწყო. თქვენ გრძელი გზა გამოიარეთ, აირჩიეთ დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

ერთ კვირაში პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ შმიგალთან ერთად მონაწილეობას მივიღებ ლუგანოში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენას ეხება. თქვენი ევროპული გზა და ქვეყნის რეკონსტრუქცია პარალელურად მოხდება. უკრაინა იქნება სათავეში და მასშტაბური ინვესტიციები განხორციელდება, მაგრამ მაქსიმალური ეფექტისთვის და ბიზნესის ნდობის განსამტკიცებლად საჭირო იქნება რეფორმების ახალი ტალღა. თქვენ უკვე მიაღწიეთ პროგრესს, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლაში. კორუფციის პრევენცია და მასთან ბრძოლა ღირსების რევოლუციის შემდეგ თქვენი დღის წესრიგის სათავეშია. თქვენ შექმენით შთამბეჭდავი ანტიკორუფციული მანქანა, ახლა ამ ინსტიტუტებს სჭირდება სწორი ხალხი თანამდებობებზე. რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნონ ანტიკორუფციული პროკურორის ხელმძღვანელი და ანტიკორუფციული ბიუროს ახალი დირექტორი. ან ვისაუბროთ თქვენს გეგმაზე, მოახდინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა. საჭიროა კანონმდებლობა მოსამართლეების შესარჩევად, რომელიც იქნება შესაბამისობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ინსტიტუციები უნდა გამოცოცხლდეს, რათა შეასრულონ თქვენი ხალხის ევროპული მისწრაფება, ან იფიქრეთ ოლიგარქების ზედმეტ გავლენაზე ეკონომიკაზე. დღეს უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელმაც მიიღო კანონი ოლიგარქების წნეხის დასაძლევად ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ამისთვის შეგაქებთ. ახლა ამ კანონის ამოქმედებაზე უნდა იყოთ ფოკუსირებული. ასევე აუცილებელია მედიის შესახებ კანონის მიღება, რომელიც შეუსაბამებს უკრაინის კანონდებლობას ევროკავშირის სტანდარტებს და გააძლიერებს მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ამ რეფორმებს სჭირდება დრო, მაგრამ უკრაინამ უკვე დაანახა ყველას, რომ შეუძლია რეფორმების გატარება ომის პერიოდშიც კი. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი ამ გზაზე იქნება უკრაინის გვერდით.

„მე მჯერა უკრაინის ევროპული მომავალის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა იბრძვის თავისუფალ ევროპულ ოჯახში ადგილის დასაკავებლად.

„უკრაინელები იარაღით ხელში იცავენ დამოუკიდებლობას. ისინი იბრძვიან, რომ უკრაინაში დილა ისე ტრაგიკულად აღარ დაიწყოს, როგორც დღეს მოხდა, როდესაც ოდესაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ჩვენ გვინდა, უკრაინაში დილა იწყებოდეს ისე მშვიდობიანად, როგორც ყველა ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქშია 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი