ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ აცრილ ამერიკელებს ზაფხულში ევროპაში მოგზაურობის უფლება უნდა მისცენ
ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ აცრილ ამერიკელებს ზაფხულში ევროპაში მოგზაურობის უფლება უნდა მისცენ

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ აცრილ ამერიკელებს წელს ზაფხულში ევროპაში მოგზაურობის უფლება უნდა მისცენ.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უპირობოდ დათანხმდება, რომ აშშ-ის მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს.

მისი განმარტებით, ევროპაში ჩასვლა იმ ამერიკელებს შეეძლებათ, რომლებმაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა უკვე გაიკეთეს. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, როდიდან აღდგება ფრენები.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა ე.წ. ელექტრონული კოვიდპასპორტები, რომელთა საშუალებითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მოქალაქეებთან ერთად ევროკავშირის სახელმწიფოებში მოგზაურობას ის ადამიანებიც შეძლებენ, ვინც კოვიდტესტის უარყოფით პასუხს წარადგენს და ასევე იმ პირებს, რომლებსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.