ურსულა ფონ დერ ლაიენი - საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა, მათ განაცხადს გააჩნია ძალა, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად
ურსულა ფონ დერ ლაიენი - საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა, მათ განაცხადს გააჩნია ძალა, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად

საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა, მათ განაცხადს გააჩნია ძალა, თუმცა წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ მკაფიოდ უნდა დასახოს გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ.

„უკრაინა, საქართველო და მოლდოვა განაცხადებით გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება. მათ სურთ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება და უფრო ძლიერი რეფორმები. გვეუბნებიან, რომ სურთ ევროპა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მათ მიმართ და ასევე საკუთარი თავის მიმართაც, გავაკეთოთ სწორი არჩევანი.

საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მათ განაცხადს გააჩნია ძალა, კერძოდ, მისი ეკონომიკის საბაზრო ორიენტირება ძლიერი კერძო სექტორით. თუმცა, წარმატებისთვის ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად. მან მკაფიოდ უნდა დასახოს გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად სახავს აუცილებელ რეფორმებს, მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებას და იღებს სარგებელს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე დაუბრუნდეს და შეაფასოს, როგორ აკმაყოფილებს ქვეყანა აუცილებელ პირობებს. რამდენად შორს წავლენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო და რა წარმატებას მიაღწევენ, პირველ რიგში, დამოკიდებულია მათ ქმედებებსა და პროგრესზე. ეს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომაა. თუმცა, თუ რა რეაგირება გვექნება ჩვენ მათ მისწრაფებასა და პროგრესზე, მხოლოდ ჩვენი არჩევანია. ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.