ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს, სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს, სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული

რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს. არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ის მიესალმება რუსეთთან დიალოგს, თუმცა მიუღებლად მიაჩნია რუსეთის მცდელობა, ევროპა გავლენის სფეროებად დაყოს. მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურ პრინციპებად რჩება ჰელსინკის აქტი და პარიზის ქარტია, რომლის ხელმომწერი თავად რუსეთიც არის.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და ევროკავშირის იმ პარტნიორების მიმართ, რომლებსაც რუსეთი ემუქრება. მისი განცხადებით, უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია მშვიდობიანი გზებით უნდა მოგვარდეს, თუმცა თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მზად აქვს მასშტაბური ეკონომიკური და ფინანსური სანქციები.

„ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორია. ეს სავაჭრო ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ვიმედოვნებთ, რომ თავდასხმა არ მოხდება, თუმცა თუ მოხდება ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მსურს, არ დაივიწყოთ ერთი რამ: რუსეთს და ევროპას საერთო გეოგრაფია, ისტორია და კულტურა აქვს. ჩვენ ასევე გვსურს საერთო მომავალი. ჩვენ რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს. არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი