ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, სამიზნე არის სტაბილურობა ევროპაში და მთელი საერთაშორისო წესრიგი, პრეზიდენტ პუტინს ამისთვის პასუხს ვაგებინებთ
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, სამიზნე არის სტაბილურობა ევროპაში და მთელი საერთაშორისო წესრიგი, პრეზიდენტ პუტინს ამისთვის პასუხს ვაგებინებთ

პრეზიდენტი პუტინი აბრუნებს ომს ევროპაში, ამ ბნელ დროს ევროკავშირი და მისი ხალხი დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

„დღეს დილით რუსეთის ჯარი შეიჭრა უკრაინაში, თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაში. ევროპის ცენტრში კიდევ ერთხელ კვდებიან უდანაშაულო კაცები, ქალები და ბავშვები. მე ვშიშობ მათი სიცოცხლის გამო. ჩვენ ვგმობთ ამ ბარბაროსულ თავდასხმას და ცინიკურ არგუმენტებს მის გასამართლებლად. პრეზიდენტი პუტინი აბრუნებს ომს ევროპაში, ამ ბნელ დროს ევროკავშირი და მისი ხალხი დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით. ჩვენ ვდგავართ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ უპრეცენდენტო აგრესიის აქტის წინაშე. რუსეთის სამიზნე არ არის მხოლოდ დონბასი, სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, სამიზნე არის სტაბილურობა ევროპაში და მთელი საერთაშორისო მშვიდობის წესრიგი. ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ამისთვის პასუხს ვაგებინებთ. დღეს, მოგვიანებით ჩვენს ევროპელ ლიდერებს დასამტკიცებლად წარვუდგენთ მასიური და მკაცრი სანქციების პაკეტს. ჩვენი სამიზნე იქნება რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორები რუსეთისთვის საკვანძო ტექნოლოგიებისა და ბაზრების დაბლოკვით. ჩვენ დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკის საფუძველს და მოდერნიზების შესაძლებლობას. დამატებით, ჩვენ გავყინავთ რუსეთის აქტივებს ევროკავშირში და შევაჩერებთ რუსეთის ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ისევე, როგორც სანქციების პირველი პაკეტის მიღების დროს, ევროკავშირს მჭიდრო კავშირი აქვს პარტნიორებთან, აშშ-სთან , დიდ ბრიტანეთთან, კანადასთან, ასევე იაპონიასა და ავსტრალიასთან.

„ეს სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ მძიმედ დააზარალოს რუსეთის ინტერესები და ომის დაფინანსების მისი შესაძლებლობები. ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით რუსს არ სურს ომი. პრეზიდენტ პუტინს სურს, საათი უკან მოაბრუნოს რუსეთის იმპერიის პერიოდში. თუმცა, ამის გაკეთებისას ის საფრთხის ქვეშ აყენებს რუსი ხალხის მომავალს. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაანადგუროს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ევროპაში მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ჩაანაცვლოს კანონის უზენაესობა ძალისა და დაუნდობლობის უზენაესობით. მან არასათანადოდ არ უნდა შეაფასოს ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცე და სიძლიერე. ისტორიამ დაამტკიცა, რომ ნდობაზე და თავისუფლებაზე დაფუძნებული საზოგადოებები და ალიანსები არიან მდგრადი და წარმატებული და სწორედ ამის ეშინიათ ავტოკრატებს. ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. უკრაინა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.