ურსულა ფონ დერ ლაიენი - აღარ შეიძლება, ევროპა იყოს ძველი მსოფლიო წესრიგის დამცველი, იმ მსოფლიოსი, რომელიც გაქრა და აღარ დაბრუნდება, უნდა ვიპოვოთ ახალი გზები პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის
ურსულა ფონ დერ ლაიენი - აღარ შეიძლება, ევროპა იყოს ძველი მსოფლიო წესრიგის დამცველი, იმ მსოფლიოსი, რომელიც გაქრა და აღარ დაბრუნდება, უნდა ვიპოვოთ ახალი გზები პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის

მეტად აღარ შეიძლება, ევროპა იყოს ძველი მსოფლიო წესრიგის დამცველი, იმ მსოფლიოსი, რომელიც გაქრა და აღარ დაბრუნდება. ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ და დავიცავთ წესებზე დამყარებულ სისტემას, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ავაშენეთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ სისტემას ვეღარ დავეყრდნობით ჩვენი ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეკრებაზე განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპამ უნდა იპოვოს ახალი გზები პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის.

„ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ ეს სისტემა დაგვიცავს კომპლექსური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ვართ. უნდა ავაშენოთ ჩვენი ევროპული გზა და ვიპოვოთ ახალი გზები პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის; მეორე, რაც აუცილებელია, ჩვენ უნდა შევხედოთ მკაფიოდ და მკაცრად ჩვენს საგარეო პოლიტიკას დღევანდელ მსოფლიოში. მათ შორის, თუ როგორი ხდება ამ პოლიტიკის ფორმირება და გატარება. ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება დაფიქრება, რამდენად არის ჩვენი დოქტრინა, ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესები – რომელთა ფორმირებაც მოხდა ომის შემდგომი სტაბილურობისა და მულტილატერალიზმის დროს – დღეს მიმდინარე ცვლილებებთან შესაბამისი, რამდენად არის ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა – შექმნილი თავისი კეთილი განზრახვებით, კონსენსუსებით და კომპრომისებით – დღეს ხელშემწყობი ან, პირიქით, დამაბრკოლებელი ჩვენი სანდოობის, როგორც გეოპოლიტიკური აქტორისა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მას სჯერა, რომ ევროკავშირს სჭირდება უფრო რეალისტური და ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა.

„ევროპამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად წაიწია წინ. ჩვენ უფრო მეტად ადაპტირებული გავხდით ჩვენი ძალის გამოყენებაში ჩვენი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მტკიცედ დავდექით, როდესაც ჩვენი წევრი სახელმწიფოები გამოწვევის წინაშე დადგნენ. მაგალითად, დანიის გვერდით, გრენლანდიასთან დაკავშირებით. ჩვენ ინვესტიციებს ვაბანდებთ დემოკრატიულ მედეგობაში ევროკავშირის შიგნით, რათა დავუპირისპირდეთ უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებს. ჩვენ დავიწყეთ თაობათა პროექტი და ეს არის ევროპული დამოუკიდებლობა. ამის მიზანია, რომ გავხდეთ უფრო მედეგი, სუვერენული და ძლიერი“,  – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.