ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებისთვის მინიმალური ხელფასის პროექტს წარადგენს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებისთვის მინიმალური ხელფასის პროექტს წარადგენს

ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებისთვის მინიმალური ხელფასის პროექტს წარადგენს. ამის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დემპინგური ხელფასები ანადგურებს სამუშაოს ღირსებას, აჯარიმებს მეწარმეს, ვინც ღირსეულ ხელფასებს იხდის და ამახინჯებს სამართლიან კონკურენციას ერთიან ბაზარზე“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისია არ ცდილობს დაადგინოს ერთიანი მინიმალური ხელფასი ან დააწესოს ერთი მინიმალური ხელფასის სისტემა, ბლოკის ყველა, 27-ვე ქვეყნისთვის. ამის ნაცვლად, ევროკომისიას სურს უზრუნველყოს ხელფასების კოლექტიური გარიგება, რათა სხვადასხვა ეროვნულ სისტემას ჰქონდეს მკაფიო და სტაბილური კრიტერიუმები, პროფკავშირები და დამსაქმებლები კი პროცესში ჩაერთონ.

ევროკავშირის ქვეყნებში მინიმალური ხელფასის დონე განსხვავებულია. 2020 წლის ივლისის მონაცემებით, ბულგარეთში მინიმალური ხელფასი 312 ევრო, ლუქსემბურგში კი 2 142 ევრო იყო.