ურსულა ფონ დერ ლაიენი - დროა, მივყვეთ უფრო დაბალანსებულ ურთიერთობებს ჩინეთთან, სამართლიანობისა და ურთიერთგების სულისკვეთებით
ურსულა ფონ დერ ლაიენი - დროა, მივყვეთ უფრო დაბალანსებულ ურთიერთობებს ჩინეთთან, სამართლიანობისა და ურთიერთგების სულისკვეთებით

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა თანამშრომლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული „გლობალური რბოლა გადარჩენისთვის“.

„არავის ინტერესშია გლობალურ ეკონომიკაში კავშირების გაწყვეტა. ამის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება წესების მოდერნიზება, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი უნარი, მივიღოთ ურთიერთმოგება ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, ევროკავშირის ურთიერთობები აშშ-თან იქნება პრაგმატული, თუმცა ევროკავშირი თავის ინტერესებს დაიცავს.

„ჩვენ გვინდა მეტი თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამისთვის ღიაა. ეს მოიცავს ჩვენს უახლოეს პარტნიორებს. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, აშშ-ს. არცერთი ეკონომიკა მსოფლიოში არ არის ისე ინტეგრირებული, როგორც ჩვენ ვართ. ევროპულ კომპანიებში აშშ-ში დასაქმებულია 3,5 მილიონი ამერიკელი. კიდევ მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირ დამოკიდებულია ევროპასთან ვაჭრობაზე. ჩვენ შორის ვაჭრობის მოცულობა 1,5 ტრილიონ ევროს შეადგენს, რაც გლობალური ვაჭრობის 30%-ს წარმოადგენს. ორივე მხარისთვის ბევრი რამ დევს სასწორზე. ასე რომ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ადრეული ჩართულობა, საერთო ინტერესების განხილვა და მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვიქნებით პრაგმატულები, თუმცა ყოველთვის ვიდგებით ჩვენს პრინციპზე, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ღირებულებები – ეს არის ევროპული გზა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ჩინეთთან კონსტრუქციული და დაბალანსებული ურთიერთობებისკენ უნდა ისწრაფოდეს.

„მჯერა, ჩინეთთან ჩვენ კონსტრუქციული ჩართულობა უნდა გვქონდეს, რათა ვიპოვოთ გადაწყვეტილებები ჩვენი ორმხრივი ინტერესის შესაბამისად. 2025 წელს ევროკავშირის ჩინეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს 50 წელი უსრულდება. მე ვხედავ ამას, როგორც შესაძლებლობას, ჩავერთოთ და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან და, სადაც შესაძლებელია, გავაფართოოთ კიდეც ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები. დროა, მივყვეთ უფრო დაბალანსებულ ურთიერთობებს ჩინეთთან, სამართლიანობისა და ურთიერთგების სულისკვეთებით“, – თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპა მზად არის ცვლილებისთვის.

„მსოფლიო ძალებს შორის ურთიერთობების წესები იცვლება. ჩვენ არ უნდა მივიღოთ რამე, როგორც ნაჩუქარი. და მაშინ, როდესაც ევროპაში ზოგიერთს, შეიძლება, არ მოსწონდეს ახალი რეალობა, ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ მას. ჩვენი ღირებულებები არ იცვლება, თუმცა ცვალებად მსოფლიოში ამ ღირებულებების დასაცავად ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მოქმედებების გზა. ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, სადაც არ უნდა ჩნდებოდნენ ისინი. დადგა ბლოკებისა და ტაბუების ფარგლებს გარეთ გასვლის მომენტი. და ევროპა მზად არის ცვლილებისთვის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.