ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყოს სტრატეგიული მარცხი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყოს სტრატეგიული მარცხი

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყოს სტრატეგიული მარცხი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-დელიში, საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომელსაც ესწრებოდნენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ევროპის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე უწოდა და აღნიშნა, რომ იმას, რაც უკრაინაში ხდება, გავლენა ექნება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზეც.

„ევროპაში ჩვენ განვიხილავთ რუსეთის აგრესიას როგორც პირდაპირ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესია იყოს სტრატეგიული მარცხი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე და ბუჩაში თავისი ვიზიტი გაიხსენა.

„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის სურათებმა შოკში ჩააგდო და აგდებს მთელ მსოფლიოს. ორი კვირის წინ მე ვიმყოფებოდი ბუჩაში, კიევის შემოგარენში, რომელიც განადგურებულია რუსეთის ძალების მიერ. მე საკუთარი თვალით ვიხილე მიწაზე დაწყობილი ცხედრები. ვნახე მასობრივი სამარხები. მე კრემლის სამხედროების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს გადარჩენილებს ვუსმენდი. ვნახე დაბომბილი სკოლები, საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოები. უდანაშაულო მოქალაქეების სამიზნეში ამოღება და მკვლელიბა, საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა, თავისუფალი ხალხის ნების დამორჩილება – ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.