ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უკრაინას შევუთანხმდით, რომ დრონების შესყიდვაზე ჯამში ორი მილიარდი ევრო დაიხარჯება
ჩვენ უკრაინას შევუთანხმდით, რომ დრონების შესყიდვაზე ჯამში ორი მილიარდი ევრო დაიხარჯება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა გავუწიოთ. თუ ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ უკრაინა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება. ამიტომ, ჩვენ შევუთანხმდით უკრაინას, რომ ამჟამად დრონებზე ჯამში ორი მილიარდი ევრო დაიხარჯება. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, შესაძლებლობები გაზარდოს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ამ ტექნოლოგიით ისარგებლოს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გასაწევად უფრო სტრუქტურული გადაწყვეტილება სჭირდება.
მისი თქმით, რუსეთის გაყინული აქტივებიდან გაცემული უკრაინის სესხის ნაწილი ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიაზე დაიხარჯება.
„სამხედრო მხარდაჭერისთვის უფრო სტრუქტურული გადაწყვეტილება გვჭირდება. სწორედ ამიტომ წამოვაყენე იდეა რეპარაციული სესხის შესახებ, რომელიც რუსეთის მობილიზებული აქტივების გამოყენებაზე იქნება დაფუძნებული. სესხი არა ერთბაშად, არამედ ტრანშებად და შესაბამისი პირობებით გაიცემა. და ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას იმის უზრუნველყოფით, რომ სესხის ნაწილი ევროპისთვის და ევროპასთან ერთად იქნება გამოყენებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქტივების ჩამორთმევა არ ხდება. თუ რუსეთი რეპარაციებს გადაიხდის, უკრაინამ სესხი უნდა დაფაროს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადება, ევროპის საზღვრებზე რუსული დრონების შემოჭრასთან დაკავშირებითაც გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ძლიერი რეაგირება უნდა მოახდინოს, ნატოსთან და უკრაინასთან ითანამშრომლოს და „დრონების კედელი“ შექმნას.