ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძვირი ჯდება, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძვირი ჯდება, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა ძვირი ჯდება, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია. ეს განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ინტერვიუში გააკეთა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე, ერთიანი და ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი. მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკვე მოქმედებს და ხილვადი შედეგი აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს ეხებოდა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძვირი ჯდება, თუმცა თავისუფლება, საერთაშორისო მშვიდობა და დემოკრატია ფასდაუდებელია.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დროს მიღწეული წარმატება და განაცხადა, რომ ეს წინსვლა მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ხოლო პუტინი დამარცხდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე ისაუბრა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადასცენ კიევს ის შეიარაღება, რომელიც უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ.

„თუ უკრაინას სჭირდება ტანკები, მაშინ ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამას და მივაწოდოთ კიევს ეს ტექნიკა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გერმანიის მთავრობამ უარი თქვა უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე. როგორც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განმარტა, გერმანია საკმარის სამხედრო მხარდაჭერას უწევს უკრაინას და ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებას ბერლინი მხოლოდ მოკავშირეებთან ერთად მიიღებს.