ურსულა ფონ დერ ლაიენი 17 ივლისს თანამდებობას დატოვებს იმის მიუხედავად, რა შედეგებით დასრულდება ევროპარლამენტში კენჭისყრა

19:11, 15.07.2019

ურსულა ფონ დერ ლაიენი 17 ივლისს გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს იმის მიუხედავად, რა შედეგებით დასრულდება ევროპარლამენტში კენჭისყრა.

ხვალ, 16 ივლისს ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასამტკიცებლად კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

„შედეგის მიუხედავად, მე ოთხშაბათს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დავტოვებ, რომ მთელი ჩემი ძალები ევროპისთვის მსახურებას მოვახმარო“, – ნათქვამია გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე მადლობა გადაუხადა ბუნდესვერს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.

ევროპარლამენტის წევრების მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ურსულა ფონ დერ ლაიენს სულ მცირე 374 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. არასაკმარისი ხმების დაგროვების შემთხვევაში, ევროკავშირის საბჭოს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ახალი კანდიდატურის შერჩევა მოუწევს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად ევროკავშირის საბჭომ 2 ივლისს დაასახელა.

მსგავსი