ურსულა ფონ დერ ლეიენი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გაძლიერდეს
ურსულა ფონ დერ ლეიენი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გაძლიერდეს

ევროკავშირის მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული მეზობელი ქვეყნების და პარტნიორების მომავალთან, – აღნიშნული განცხადება ევროკომისიის არჩეულმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების ევროკომისრის კანდიდატისთვის, ოლივერ ვარჰელისთვის მიწერილ წერილში გააკეთა.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა უნგრელ კანდიდატ, ოლივერ ვარჰელის იმ ვალდებულებების შესახებ აუწყა, რომლებიც მას პოსტზე არჩევის შემთვევაში დაეკისრება. მათ შორის კი დაასახელა აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელიც შემდეგ საფეხურზე უნდა გადავიდეს.

ურსულა ფონ დერ ლეიენის განმარტებით, პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში ოლივერ ვარჰელიმ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ექვს ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გააძლიეროს.

წერილში ურსულა ფონ დერ ლეიენმა განმარტა, რომ უკვე მიმდინარე კონსულტაციების საშუალებით 2020 წლის შუა პერიოდისთვის გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნების ახალი პაკეტები უნდა იყოს შემუშავებული.

„აღნიშნული პაკეტები კი, როგორც ჩვენი მეზობლების პოლიტიკურ და ეკონომიკურ არჩევანს ისე ევროკავშირის ინტერესებს უნდა იზიარებდნენ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ევროკომისიის არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანონის უზენაესობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო ჩართულობას.

„თქვენ შეეცდებით, დააჩქაროთ ასოცირების შეთანხმებების შესრულება, ასევე გააღრმავოთ ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეები უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან“, – აღნიშნა ევროკომისიის არჩეულმა პრეზიდენტმა წერილში.

წერილში ურსულა ფონ დერ ლეიენმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ევროკავშირის და მისი მეზობლების მომავალი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ ევროკავშირის გარშემო სტაბილური, უსაფრთხო და აყვავებული რეგიონის არსებობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირი აქტიური უნდა იყოს მთელ სამეზობლოში, საერთო გამოწვევების გადაჭრაში თანამშრომლობდეს და მხარდაჭერა გაუწიოს მნიშვნელოვან რეფორმებს“, – აღნიშნულია ურსულა ფონ დერ ლეიენის წერილში.