ურმას რეინსალუ - მოლდოვისთვის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის მთავარი გზავნილია, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს მეზობლებს, უსაფრთხოების რა ვარიანტები აირჩიონ
ურმას რეინსალუ - მოლდოვისთვის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის მთავარი გზავნილია, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს მეზობლებს, უსაფრთხოების რა ვარიანტები აირჩიონ

ვფიქრობ, დღეს მთავარი გზავნილი პარტნიორებისთვის – მოლდოვისთვის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის არის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს თავის მეზობლებს, თუ უსაფრთხოების რა  ვარიანტები ან ცხოვრების რა წესი აირჩიონ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ესტონელმა დიპლომატმა უპასუხა შეკითხვას, რა უნდა იყოს გზავნილი საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტიდან 14 წლის შემდეგ.

რეინსალუს თქმით, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ ქვეყნები, რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, იქნებიან ნატო-ს ოჯახის წევრები.

„გზავნილი უნდა იყოს მტკიცე, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის წინაპირობა არის უკრაინის გამარჯვება ისე, როგორც ამას უკრაინა განსაზღვრავს, უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება, აგრესორი სახელმწიფოს მიერ ზიანისა და ზარალის სრული ანაზღაურება და პასუხისგება საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, სადაც არის პუტინისა და მისი გარემოცვის ადგილი. მეორე წინაპირობა ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურისთვის არის, და ეს დღეს, ვფიქრობ, მთავარი გზავნილია პარტნიორებისთვის – მოლდოვისთვის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, რომ უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს შანსი, უკარნახოს თავის მეზობლებს, უსაფრთხოების რა ვარიანტები ან ცხოვრების რა წესი აირჩიონ. ამასთან, გუშინ განვაცხადე უკრაინელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კიდევ ერთი წინაპირობა არის ის, რომ ქვეყნები, რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, იქნებიან ნატო-ს ოჯახის წევრები“, – განაცხადა ურმას რეინსალუმ.

მისივე თქმით, ევროპის კონტინენტზე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას არ ჰყავს ესტონეთზე ძლიერი მხარდამჭერი.

„ასევე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველანი, რუსეთის მეზობელი ქვეყნები, რომლებისთვისაც ამ ომის შედეგი არის ეგზისტენციალური საკითხი, ვიყოთ სასანქციო პოლიტიკისა და რუსეთის აგრესიის მიმართ პოლიტიკური მიდგომის სრულ შესაბამისობაში. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, დახურონ საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს იყო ასევე ჩემი გზავნილი ორშაბათს, როდესაც შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.