უპრეცედენტო ფაქტი - „ბეთლემმა“ და „გონიომ“ ლიგა 3-ის საგზური სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე მოიპოვეს #1TVSPORT
უპრეცედენტო ფაქტი - „ბეთლემმა“ და „გონიომ“ ლიგა 3-ის საგზური სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე მოიპოვეს #1TVSPORT

საქართველოს ლიგა 4-ის „ბეთლემმა“ და „გონიომ“ ლიგა 3-ში თამაშის უფლება მოიპოვეს. აჭარის გუნდებმა მიზანს სეზონის დასრულებამდე ორი თვით და 7 ტურით ადრე მიაღწიეს, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია.

„გონიოს“ პრეზიდენტი დავით დოლიძე აჭარის გუნდების წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ მან სეზონის დასაწყისში ეროვნული ლიგის მოთამაშეები მიიწვია და მიზნად ლიგა 3-ში გადასვლა და თასის ფინალში გასვლა დაისახა. გუნდი თასის გათამაშებას „ბეთლემთან“ შეხვედრის შემდეგ გამოეთიშა, მაგრამ მეორე მიზანს მიაღწია.

„წარმატებული სეზონი და ისტორიული შედეგი – ეროვნული ლიგა 4-ის გათამაშების 22 ტურში გათამაშების ლიდერებმა „ბეთლემმა“ და „გონიომ“ მორიგი გამარჯვება იზეიმეს, ორივე აჭარულმა კლუბმა მოიპოვა ლიგა 3-ის საგზური და შესაბამისად, 2024 წლიდან ლიგა 3-ში ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ ლიგა 4-ში წელს ორი აჭარული კლუბი ასპარეზობდა და ორივე დამსახურებულად დაწინაურდა. ეს არა მარტო „ბეთლემისა“ და „გონიოს“ წარმატებაა, არამედ მთელი ჩვენი რეგიონის. ვულოცავთ აჭარას ამ დიდ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ ორივე კლუბი ლიგა 3-ის გათამაშებაშიც წარმატებული იქნება.

მადლობა ბიჭებს თავდაუზოგავი შრომისთვის, დასახული მიზნის მიღწევისთვის. მადლობა ქომაგებს და ჩვენი კლუბის მთავარ მწვრთნელს, ნიკოლოზ საბანაძეს, რომელმაც სამწვრთნელო კარიერაში პირველი წარმატებული ნაბიჯები გადადგა.

„გონიოს“ ისტორიაში პირველად მივიღებთ მონაწილეობას ლიგა-3 ში. ვულოცავ ჩვენი კლუბის ქომაგებს – ჩვენ არ ვჩერდებით, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ისევ ვაგრძელებთ“, – წერს „გონიოს“ პრეზიდენტი დავით დოლიძე.