„უოტფორდმა“ ჩისკოს დანიშვნა დაადასტურა - ესპანელს ინგლისში „დინამოს“ მწვრთნელი დაეხმარება
ჩისკო მუნიოსი, რომელმაც თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 19 დეკემბერს დატოვა, „უოტფორდის“ მთავარ მწვრთნელი გახდა – ეს ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ჩვენი გუნდი სიხარულით ადასტურებს, რომ ჩისკო მუნიოსი „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელია. 40 წლის ესპანელი, შემტევი ფეხბურთის ფილოსოფიის მიმდევარია. სულ ახლახან იყო „დინამო თბილისის“ მენეჯერი, გამოცდილება აქვს ესპანურ კლუბებში „ხიმნასტიკსა“ და „პობლა მაფუმეტში“, იყო „ვალენსიას“ შემადგენლობაში, რომელმაც 2004 წელს უეფა-ს თასისა და ლა ლიგის მოგებით შესანიშნავი დუბლი შეასრულა, ხოლო შემდეგ სეზონში უეფა-ს სუპერთასს დაეუფლა. მან ასევე ითამაშა „რეკრეატივოში“, „ტენერიფეში“, „რეალ ბეტისში“, „ლევანტეში“, თბილისის „დინამოსა“ და „ხიმნასტიკში“, იყო ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი“, – იუწყება „უოტფორდის“ ოფიციალური ვებგვერდი.
„უოტფორდში“ ჩისკო მუნიოსს შეუერთდება რობერტო კუესტა (მწვრთნელის თანაშემწე), რომელიც მას თბილისის „დინამოშიც“ ეხმარებოდა. ასევე დაეხმარებიან ხორხე აბელა (ძალისა და კოორდინაციის მწვრთნელი) და ანტონელო ბრამბილა, რომელიც უკვე კლუბში იყო და გუნდის მეკარეთა მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს.
„უოტფორდი“ ინგლისის პრემიერშიფის გუნდია. მიმდინარე გათამაშებაში გამართული 20 ტურის შემდეგ გუნდმა 35 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა. „უოტფორდი“ ლიდერ „ნორვიჩს“ რვა ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „ბორნმუთს“ კი მხოლოდ ოთხით და პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის. ბუნებრივია, ასეთ კლუბში ჩისკო მუნიოსს გაცილებით მეტი ანაზღაურება და პერსპექტივა აქვს და გასაკვირი არაა, რომ დაუფიქრებლად წავიდა.