„უოლ სტრიტ ჯორნალის“ სარედაქციო წერილში დონალდ ტრამპს გადადგომისკენ მოუწოდებენ
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ სარედაქციო წერილში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადადგომისკენ მოუწოდებენ. როგორც „ბიბისი“ წერს, სარედაქციო წერილში, რომელიც ტრადიციულად „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველი წრეების მოსაზრებას გამოხატავს, ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მოქმედებებმა წააქეზა კაპიტოლიუმის დარბევაში მონაწილე პირები.
„ეს იყო თავდასხმა ძალაუფლების გადაცემის საკონსტიტუციო პროცესზე. ეს იყო თავდასხმა საკანონმდებლო ორგანოზე აღმასრულებელი პირის მხრიდან, რომელმაც ფიცი დადო, რომ აშშ-ის კანონებს დაიცავდა. ეს არჩევნებში მარცხის აღიარებაზე უარის თქმაზე მეტია. ეს არის საკონსტიტუციო ხაზის გადაკვეთა, რაც მანამდე ტრამპს არ გაუკეთებია. ეს ქმედება იმპიჩმენტს ექვემდებარება. ტრამპს თუ სურს, თავიდან აიცილოს მეორე იმპიჩმენტი, საუკეთესო გზა არის პირადი პასუხისმგებლობის აღება და გადადგომა. ეს იქნება ყველაზე კარგი და სუფთა გამოსავალი, რადგან ამ შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებამოსილება მაიკ პენსს გადაეცემა“, – წერია სტატიაში.
ამასთან ერთად, სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე 12 დღით ადრე, ტრამპის იმპიჩმენტი ქვეყნისთვის სასიკეთო არ იქნება.
„ეს კიდევ უფრო გააბრაზებს ტრამპის მხარდამჭერებს, რაც არ დაეხმარება ბაიდენს პარტიული უთანხმოების დაძლევაში. ეს თითქმის ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს.
მით უმეტეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, „დემოკრატები“ პასუხისმგებლიანად ან თავშეკავებულად მოიქცნენ. ისინი უკვე დაჟინებით ითხოვენ იმპიჩმენტს და შესაბამის მუხლებსაც ასახლებენ“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორები აღნიშნავენ, ასეთ სიტუაციაში კარგი იქნება, თუ ტრამპი გადადგება.
„უოლ სტრიტ ჯორნალი“ რუპერ მერდოკს ეკუთვნის. მის კუთვნილ გამოცემებს არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ტრამპი, თუმცა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სარედაქციო წერილი, ყველა სხვა სტატიასთან შედარებით, გაცილებით ხისტია.