„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - უკრაინის მიმართ ტრამპის შეცვლილი რიტორიკა ბრძოლის ველზე რუსეთის უმნიშვნელო მიღწევების, მრჩევლებისა და უკრაინის პრეზიდენტის დამსახურებაა
აშშ-ის პრეზიდენტის შეცვლილი რიტორიკა უკრაინის მიმართ ბრძოლის ველზე რუსეთის უმნიშვნელო მიღწევების, დონალდ ტრამპის მრჩევლებისა და უკრაინის პრეზიდენტის დამსახურებაა, – ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს.
WSJ-ის ინფორმაციით, ტრამპი ეკონტაქტებოდა თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდნენ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოზიციას. გამოცემის ცნობით, მათ შორის არიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი და გაერო-ში ახალი ელჩი მაიკ უოლცი. როგორც გამოცემა წერს, მათ ტრამპს უთხრეს, რომ რუსეთმა ბოლო წლებში უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია ბრძოლის ველზე.
„ასევე, ამერიკის პრეზიდენტმა გაიგო, რომ უკრაინამ დაგეგმა თავდასხმა, რომელიც აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერას მოითხოვს“, – განაცხადეს The Wall Street Journal-თან ანონიმურმა წყაროებმა.
ასევე, მათი ინფორმაციით, ტრამპის რიტორიკის ცვლილებაზე გავლენა მოახდინა 28 თებერვალს, თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ შეცვლილმა ქმედებებმა, კერძოდ, აშშ-ის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის მიღებამ და ამერიკელი პრეზიდენტის ძალისხმევისთვის ზელენსკის საჯარო მადლობამ.
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ტრამპის, რიტორიკის ცვლილების მიუხედავად, ჯერჯერობით არ შეცვლილა პოლიტიკა უკრაინის მიმართ და მისთვის შეიარაღების გაყიდვის ნებართვის მიუხედავად, კვლავ ზღუდავს ამერიკული იარაღის გამოყენებას რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავისი ტერიტორია პირვანდელი სახით.