„უოლ სთრით ჯორნალი“ - მექსიკასა და პოლონეთში „ფაიზერის“ ფალსიფიცირებული ვაქცინები გამოავლინეს
„უოლ სთრით ჯორნალი“ - მექსიკასა და პოლონეთში „ფაიზერის“ ფალსიფიცირებული ვაქცინები გამოავლინეს

მექსიკასა და პოლონეთში „ფაიზერის“ ყალბი ვაქცინები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შავ ბაზარზე „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინის ფალსიფიცირებული ვარიანტი გამოავლინეს.

მექსიკის პოლიციამ ჯერ კიდევ თებერვალში დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც იმ კლინიკაში მუშაობდნენ, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობდა. ყალბი ვაქცინის ამპულაში ჩვეულებრივი გამოხდილი წყალი აღმოჩნდა. ასეთი ფალსიფიცირებული ვაქცინის ღირებულება შავ ბაზარზე 1000 დოლარი იყო. ყალბი ვაქცინა 80 ადამიანს გაუკეთეს.

პოლონეთში იანვარში აღმოჩენილ ფალსიფიცირებულ ვაქცინაში კი, სავარაუდოდ ნაოჭების საწინააღმდეგო ხსნარი იყო ჩასხმული. ყალბი ვაქცინა კერძო პირის სახლიდან ამოიღეს. მას ბრალად ვაქცინის ფალსიფიცირება და მათი გაყიდვის მცდელობა წაუყენეს.

ექსპერტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ვაქცინების შავ ბაზარზე ან ინტერნეტში შეძენისგან, რადგან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენა მხოლოდ მთავრობებს შეუძლიათ.