„უოლ სთრით ჯორნალი“ - ჯო ბაიდენმა პირადად აკრძალა საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა, პუტინის პროვოცირების შიშით
გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინას უარი ეთქვა პოლონეთიდან „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებლების მიღებაზე, პირადად აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო. უკრაინული „უნიანი“ „უოლ სთრით ჯორნალზე“ დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენმა ვეტო დაადო ამ თვითმფრინავების მიწოდებას, რათა არ გამოეწვია რუსეთთან ომის ესკალაცია.
„როგორც ჩანს, ლოგიკა ასეთია, სასიკვდილო საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გაგზავნა არ გამოიწვევს რუსების პროვოცირებას, ხოლო 28 თვითმფრინავი გამოიწვევს. მსგავსი მიდგომა რთული გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პენტაგონიც ამბობს, რომ უკრაინელებს არ სჭირდებათ რეაქტიული თვითმფრინავები, რადგან მათი სხვა იარაღი უფრო ეფექტურია. ესე იგი ნაკლებად მომაკვდინებელი თვითმფრინავების გაგზავნა გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს, მაგრამ არა იარაღის, რომელიც რეალურად ლეტალურია?“ – წერს გამოცემა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება დიდი პრობლემაა და პუტინს ნატო-ს შესახებ გარკვეულ სიგნალს უგზავნის.
„სანდო შეკავების არსია მტერს სჯეროდეს, რომ გარკვეულ ქმედებებს მოჰყვება პასუხი. ჯარის დემონსტრაციულად არ გაგზავნა და იმის თქმით, რომ ამის მიზეზი ესკალაციის შიშია, ბაიდენი პუტინს ეუბნება, რაზე არ უნდა ინერვიულოს. იმის ნაცვლად, რომ შეაკავოს პუტინი, ბაიდენი რუსებს აშშ-ის შეკავების საშუალებას აძლევს“, – ნათქვამია გამოცემის სტატიაში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი ქცევა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის ბუნებრივი ხდება. გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა ამერიკული ბირთვული რაკეტის დაგეგმილი გამოცდა მას შემდეგ, რაც პუტინმა გამოთქვა ბუნდოვანი ბირთვული საფრთხე. ტესტებს საერთო არაფერი ჰქონდა უკრაინასთან და რუსეთმა იცოდა ამის შესახებ, მაგრამ პენტაგონმა მაინც შეაჩერა ისინი. „ეს არის კიდევ ერთი დარტყმა აშშ-ის შეკავების ნდობისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.