„უოლ სტრიტ ჯორნალი“ – დონალდ ტრამპმა თანამოაზრეებს ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობის შესახებ აცნობა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის მიერ შეთავაზებული შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო. ამის შესახებ გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს.
სტატიის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანზე დარტყმების განახლებაა მოსალოდნელი.
პუბლიკაციის თანახმად, ტრამპი სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ირანი მის მოთხოვნებს შეასრულებს და ამიტომ ირანის დაბომბვის განახლების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა მასშტაბის შეიძლება, იყოს პოტენციური დარტყმები.
ამასთან, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ სურს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლება.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანმა კატარის მეშვეობით ვაშინგტონს ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების აღდგენის შვიდდღიანი გეგმა გადასცა.
ცნობისთვის, კონგრესის შუალედური არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.